ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნევადაში მცხოვრები ქართველი-ამერიკელი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს 


"საქართველოს საზღვარი მე ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთან,"-ასე დაიწყო ვიდეო მიმართვა ქართველმა ამერიკელმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც სოლიდარობას უცხადებს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის დაუყონებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. გიორგი ბარამიძე, ლას-ვეგასში ნევადის შტატში წლებია არაერთ ამერიკულ კლინიკაში წარმატებით მოღვაწეობს.

დაუყონებლივი რეაგირება მოსთხოვა საერთაშორისო პარტნიორებს კახა იმნაძემაც. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-სა და გაერო-ს გენმდივნის მოადგილეებს ესაუბრა.

თავად ექიმი უკვე მეთორმეტე დღეა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ვაჟა გაფრინდაშვილი გუშინ ადვოკატმა, ვლადიმერ ფიდაროვმა, მოინახულა.ფიდაროვი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს. ადვოკატი ამ დრომდე არ გაცნობია საქმის მასალებს.

ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს, ადასტურებს წითელი ჯვარიც.ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეძლეს და ექიმის ოჯახს გატაცებულის წერილი გადასცეს. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ წერილში გატაცებული ექიმი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, არ არის დამნაშავე და ნორმალურ პირობებში იმყოფება.

მანამდე კი საქართველოში ექიმების აქცია გაიმართა. სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებმა 5 წუთიანი გაფიცვით საქართველოს ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდეს და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულმა ე.წ. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. გაფრინდაშვილი ამ დრომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის საპყრობილეში რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG