ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ვაქცინის წინააღმდეგ ეჭვები იზრდება


კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკის" ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება იმ ქვეყნებშიც, სადაც მას უკვე იყენებდნენ. ჩეხეთისა და ბრაზილიის მარეგულირებელმა ორგანოებმა მისი ავტორიზაცია შეაჩერეს. მსგავსი ეჭვები გამოითქვა სლოვაკეთშიც.

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო კვლავ "სპუტნიკის" ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების ეტაპზეა. თუმცა მედიცინის ევროპული სააგენტოს ყოფილი დირექტორი გამოცემა "პოლიტიკოსთან" საუბარში ამბობს, რომ ბრაზილიაში გამოთქმული შეშფოთება სავარაუდოდ ბრიუსელის ყურადღებასაც მიიპყრობს.


ბრაზილიის მარეგულირებელმა უწყებამ, "ანვისამ" 28 აპრილს განაცხადა, რომ ის ნებართვას უჩერებს რუსულ ვაქცინას, რადგან არსებობს "ხარვეზები პროდუქტის წარმოებაში" და ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი არ არის.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამაკმაყოფილებელი კონტროლი არ ხდება. ამასთან, შეკითხვები არსებობს მის ეფექტურობასთან დაკავშირებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, მათ შორის რესპირატორული დაავადებები.

სლოვაკეთის სამედიცინო უწყებების მესვეურები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ ხარისხისა და ეფექტურობის თვალსაზრისით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

"სპუტნიკი" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა იყო, რომელიც დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ რუსეთში და არც ერთი საერთაშორისო ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და კვლევით ინსტიტუტ "გამალეიას" მიერ შემუშავებული ვაქცინა გასული წლის აგვისტოშივე დაამტკიცეს და დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინანდელი სატელიტის სახელი დაარქვეს. ფართო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ამას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა. ექსპერტები წუხდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვაქცინის დისტრიბუცია მანამდე დაიწყო, სანამ კვლევები დასრულდებოდა. მათი აზრით, ეს რუსეთის სამეცნიერო უპირატესობის დასამკტიცებლად და დემონსტრირებისთვის კეთდებოდა.

ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ "სპუტნიკის" აგრესიული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა დასავლეთის სკეპტიციზმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

"სპუტნიკს თან ახლავს პროპაგნდის ბევრი შრე და ასევე შეუნიღბავი ამბიცია, რომ დაჰყოს, ერთმანეთთან დააპირისპიროს ევროკავშირის ქვეყნები და მათი სამხრეთელი და აღმოსავლელი პარტნიორები", - ამბობს ინგრიდა სიმონიტი, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი.

თუმცა ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ დასახმარებლად მაინც რუსეთს მიმართა. რუსული ვაქცინა მიიღეს უნგრეთმა და სერბეთმა. ავსტრიამ შეთანხმება გააფორმა. ბერლინსა და გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კი პოლიტიკოსები რუსულ ვაქცინას ენთუზიაზმით უყურებდნენ. თუმცა გასული კვირის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც სხვა ვაქცინები უფრო ფართოდ გავრცელდა, "სპუტნიკი" გერმანიაში აღარ აინტერესებთ.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG