ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია შეფერხებებით გრძელდება, თუმცა ის აცრების რაოდენობით მაინც ლიდერობს


დეკემბერში, როდესაც შეერთებული შტატების მთვრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინების მიწოდება დაიწყო, ეს ისეთი ტემპით ხდებოდა, რომ შტატების ჯანდაცვის დაწესებულებები ვერ ახერხებდნენ აცრების საკმარისად სწრაფად გაკეთებას და მილიონობით დოზა ადამიანებამდე ვერ აღწევდა.

ორი თვის შემდეგ, ვითარება საწინააღმდეგო მიმართულებით შეტრიალდა. მიწოდების შეზღუდული მოცულობა ვაქცინაციის ამბიციური პროგრამების შენელებას იწვევს.ნიუ-იორკის, კალიფორნიის, ფლორიდის და ტეხასის შტატებში არსებულ მასიურ ობიექტებზე, ასევე საავადმყოფოებში და აფთიაქებში, ყოველდღიურად ათასობით აცრის ჩატარება შეუძლიათ და მეტი დოზების მიწოდებას ითხოვენ.

შტატის და ადგილობრივი დონის ათობით ოფიციალურმა პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ ახლანდელთან შედარებით ოთხჯერ მეტი ადამიანის აცრა შეუძლიათ, მაგრამ ვაქცინის ფედერალური მიწოდება გამაწბილებლად მცირე მოცულობისაა.

ვაქცინის გამოჩენიდან ორი თვე გავიდა და შტატების უმრავლესობამ, თავისი მოსახლოების 10 პროცენტზე ნაკლებისთვის საჭირო ვაქცინა მიიღო. მოსახლეობის რაოდენობაზე დაფუძნებული მიწოდების პირობებში, შტატების უმეტესობა “ფაიზერ/ბიონტექის” და “მოდერნას” ვაქცინების დოზებს, კვირაში 100 ათასზე ნაკლები რაოდენობით იღებს.

ჯანდაცვის მესვეურები ამბობენ, რომ ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელების პირობებში, ფსონები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დოზების რაოდენობის გაზრდას გააგრძელებს და ზაფხულის ბოლოსთვის, ყველა ამერიკელისთვის საკმარისი დოზების რაოდენობის მიწოდებას შეძლებს.

გამაწბილებელი ვითარების მიუხედავად, შეერთებული შტატები ვაქცინაციაში გლობალური ლიდერია. ქვეყანაში დაახლოებით 66 მილიონი დოზა განაწილდა და 45 მილიონი აცრა ჩატარდა.

ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს მარტის ბოლომდე 220 მილიონი ან ამაზე მეტი დოზის განაწილების პოტენციალი გააჩნია. “ფაიზერს” და “მოდერნას” აქვთ კონტრაქტები ამ ვაქცინის მიწოდებაზე და კომპანია “ჯონსონ და ჯონსონის” ვაქცინამ შესაძლა ნებართვა თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში მიიღოს.

ფედერალური მონაცემების მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში, მიწოდებული ვაქცინების რაოდენობა შესრულებულ აცრებს დაახლოებით 20 მილიონით აჭარბებდა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს შეეუსაბამობა მეტწილად იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანებისთვის მეორე დოზის უზრუნველსაყოფად, შტატები ვაქცინას ინახავენ.

ბაიდენის ადმინისტრაცია კალიფორნიას ვაქცინაციის ორი მასიური ობიექტის ამოქმედებაში დაეხმარა და კონგრესს მოუწოდებს, დამატებითი ობიექტებისთვის დაფინანსება გამოყოს. ასევე დაიწყო ვაქცინების პირდაპირ მიწოდება ქვეყნის 6 500 აფთიაქში და მომავალ კვირაში სათემო ჯანდაცვის ცენტრებისთვისაც მსგავსი პროგრამის დაწყება იგეგმება.

შტატების და ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახლა მათ შეფერხებას არა განაწილების ნაკლებობა, არამედ დოზების დეფიციტი იწვევს.

შტატებმა და საგრაფოებმა, მეტწილად დიდი ქალაქების გარშემო, მასობრივი აცრის ათობით საჯარო ცენტრი აამოქმედეს, რომლებსაც ყოველდღიურად 1000 და მეტი ადამიანის აცრა შეუძლია. ერთ-ერთი საგრაფოს კორონავირუსის ტესტირების და იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ თქვა, რომ ამჯერად ყველა ცენტრი ვაქცინების ნაკლებობას განიცდის.

დაახლოებით ექვსი შტატის ოფიციალური პირების თანახმად, საავადმყოფოები და აფთიაქებიც მსგავსი შეზღუდვების წინაშე დგანან.

ზოგიერთი ადგილობრივი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, მათ ფედერალური დაფინანსება სჭირდებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG