ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევს მასპინძლობს


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თეთრ სახლში ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს უმასპინძლა. ნაზარბაევს, რომელიც შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის დასავლეთ ფრთის შესასვლელთან პირადად დახვდა.

თეთრი სახლის მიერ შეხვედრამდე გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების შესახებ ისაუბრებენ.

„დიდებულია, რომ სტუმრად გვყავს ყაზახეთის პატივცემული პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან კარგი ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. ყაზახეთი ჩვენი ქვეყნიდან ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდულობს, რაც ჩვენთვის სამუშაო ადგილებს ნიშნავს. იყიდება ელექტროსაქონელი, ბოინგები - ეს დიდი თანხაა. ამ მხრივ ყაზახეთი ძალიან ბევრ სხვა ქვეყანას უსწრებს. არის ზოგიერთი რთული სიტუაცია, მაგრამ პრეზიდენტი ძალიან პატივსაცემი ადამიანია და ის კარგად მუშაობს. ჩემთვის პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა“. ასე მიესალმა პრეზიდენტი ტრამპი ყაზახ კოლეგას ჟურნალისტების თანდასწრებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნურსულთან ნაზარბაევს საუდის არაბეთში ვიზიტისას შეხვდა და მათი უშუალო კავშირი სწორედ მას შემდეგ ძალიან მალევე განვითარდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ლიდერს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის თეთრ სახლში ყოფნა ძალიან დიდი პატივია. მან დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ერთი წლის იუბილე მიულოცა: „ეს იყო ძალიან პროდუქტიული წელიწადი და თქვენ ძალიან ბევრს მიაღწიეთ თქვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა ნაზარბაევმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG