ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამომრჩეველს ქვეყნის გაერთიანებას ჰპირდება: დიადი ამერიკა ყველასთვის


რამდენიმე საათში მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს და შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება.

ინაუგურაციის წინა დღეს მან თქვა, რომ ერს წინ "გასაოცარი ამბები" ელის.

ტრამპი გვპირდება, რომ მუხლჩაუხრელად იმუშავებს, ქვეყანას შეკრავს და შექმნის "დიად ამერიკას" ყველასათვის.

გუშინ საღამოს, ლინკოლნის მემორიალთან გამართული კონცერტის შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ არ ადარდებს, დღეს მზიანი ამინდი იქნება, თუ კოკისპირულად იწვიმებს. მან ათასობით მხარდამჭერს შეახსენა, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება შეერთებული შტატებისკენაა მიპყრობილი.

ინაუგურაციისას მსუბუქ წვიმასა და სიგრილეს ელოდებიან.

ხუთშაბათი საღამოს განწყობაც "გრილი" იყო. ეროვნული პრესკლუბის წინ ტრამპის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები პოლიციას ეჩხუბნენ. ამ დროს პრესკლუბი ტრამპის მომხრეთა წინასაინაუგურაციო ღონისძიებას მასპინძლობდა, რომელსაც ორგანიზატორებმა "ჩასარეცხთა წვეულება" (Deploraball) დაარქვეს (შენიშვნა: წვეულების სახელი ეხმაურება ჰილარი კლინტონის ერთ-ერთ წინასაარჩევნო გამოსვლას, სადაც მან ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილს "ჩასარეცხები" (Deplorables) უწოდა).

დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ: "არა ტრამპს! არა ფაშისტურ ამერიკას!" პოლიცია ცდილობდა, ისინი შენობის კართან არ მიეშვა.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინა. პოლიციამ მათ ცრემლმდენი საშუალება შეასხურა. აღირიცხა ქუჩაში ცეცხლის გაჩენის სულ ცოტა ერთი შემთხვევა.

ტრამპის თეთრი სახლის მომავალმა პრესმდივანმა შონ სპაისერმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ არჩეული პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა ამერიკის მომავლის შესახებ მის ხედვას გაგვაცნობს.

სპაისერის თანახმად, პარასკევის მეორე ნახევრიდან ტრამპი აღასრულებელი ბრძანებულებების გამოცემას დაიწყებს, რათა "ხელშესახები ცვლილებების" განხორციელება დაიწყოს.

ტრამპს გაუჭირდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ზოგიერთი აღმასრულებელი ბრძანებულების დაუყოვნებელი შეჩერება.

არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ ის და ტრამპი მზად არიან, "ამერიკელ ხალხს პირველივე დღიდან ემსახურონ."

ხუთშაბათ საღამოს ათასობით ამერიკელი ტრამპის ნიუ იორკული ოფისის მახლობლად, სენტრალ პარკში საპროტესტო შეკრებას დაესწრო.

მათ ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ, რეჟისორმა მაიკლ მურმა, მსახიობმა რობერტ დე ნირომ და მომღერალმა შერმა მიმართეს.

სიტყვა წარმოთქვა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმაც, რომელიც შაბათის საღამოს ეთერში ტრამპის პაროდიას აკეთებს. ბოლდუინის პაროდია მაყურებელს ართობს,არჩეულ პრეზიდენტს კი აბრაზებს.

XS
SM
MD
LG