ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აღმოაჩინე საქართველო" ათასობით ადამიანმა დაათვალიერა


"აღმოაჩინე საქართველო" ნიუ-იორკში
"აღმოაჩინე საქართველო" ნიუ-იორკში

გაეროს გენერალური ასამბლეის დღეებში, როცა ნიუ-იორკში განსაკუთრებით ბევრი სტუმარია, წელს პრესტიჟულ ჩელსის უბანში გამოფენა "აღმოაჩინე საქართველო" გაიმართა. ორგანიზატორების-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მოეწყო ქართული კულინარიის, ღვინის, სუვენირების, დიზაინერებისა და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. უცხოელ სტუმრებთან, ნაკეთობების შეძენის მსურველებთან და ქართული იმიგრაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ქართული დელეგაციის წევრებიც, რომლებიც იმ დღეებში ნიუ-იორკს სტუმრობდნენ.

ორგანიზატორების აზრით, მთავარი მიზანი ამერიკული საზოგადოებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის საქართველოს უკეთ გაცნობა, ქვეყნიდან საექსპორტო შესაძლებლობების ჩვენება, შესაბამისად, ბიზნეს კლიმატის რეკლამირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ტურისტული სექტორის ხელშეწყობა იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში გვესაუბრა. მან კერძოდ გვითხრა:

"ეს გამოფენა ძალიან მნიშვენლვანი იყო, რადგან საქართველო მრავალი კუთხით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, საექსპორტი პროდუქციით. მინდა, გავამახვილო ყურადღება, როგორც ალკოჰოლურ, ასევე არაალკოჰოლურ სასმელებზე. წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი [ნივთები], რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქ იყვნენ თანამედროვე ქართველი დიზაინერები. აქ იყო მათი აქსესუარებისა და ტანსაცმლის გამოფენა-გაყიდვა. მინდა აღვნიშნო, რომ კულტურასთან ერთად, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციასაც ვახდენდით . ნიუ იორკში სამი ქართული რესტორანია. სამივე რესტორანმა გააკეთა ქართული სამზარეულოს ექსპოზიცია და რეკლამა. ასევე [წარმოვადგინეთ] თანამედროვე ხელოვნება და ქართველი ხელოვანები. ჩვენი მიზანი იყო, მრავალმხრივ წარმოგვეჩინა საქართველო, როგორც საექსპორტო პროდუქციით, ასევე კულტურითა და ტურიზმის მიმართულებით."

დასწრება და გამოფენით გამოწვეული ინტერესი განსაკუთრებით დიდი იყო "ჩელსი მარკეტის" ადგილმდებარეობის და გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პირობებში.

გამოფენის სულისჩამდგმელები ვარაუდობენ, რომ ანალოგიური პრეზენტაციები მომავალში ევროპის სხვა წამყვან დედაქალაქებში ჩატარდება და ნიუ-იორკში განმეორდება.

XS
SM
MD
LG