ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ცხინვალისთვის ეს გამარჯვებაა“


დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

16 წლის შემდეგ, მასშტაბური ცვლილება ხორციელდება. პოსტს დაემშვიდობა დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის არჩეული ლიდერი. „ამერიკის ხმასთან“ დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა, რადგან მიიჩნევს, რომ 16 წელი ძალიან დიდი დროა ერთ პოზიციაზე ყოფნისთვის და ახლა, სურს, სხვა სფეროში მოსინჯოს ძალები.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოხსნა საკმაოდ მნიშნველოვანი პოლიტიკური ნაბიჯია ოფიციალური თბილისის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენამ სრულ მდუმარებაში ჩაიარა. დიმიტრი სანაკოევი თანამშრომლებს 11 ოქტომბერს გამოემშვიდობა.

დიმიტრი სანაკოევმა პოსტი დატოვა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00

დიმიტრი სანაკოევის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ისტორიისა და საფუძვლების გამო, რაც ეგრეთ წოდებული „დროებითი ადმინისტრაციის“ ჩამოყალიბებას უსწრებდა წინ. ცხინვალში ამ დრომდე სანაკოევის უახლოესი სანათესაო წრე და ოჯახის წევრებიც კი ცხოვრობენ, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებას მისი პერსონა მუდმივად ყელზე ადგა. ამბავი განსაკუთრებით გამწვავდა 2006 წელს, როდესაც დიმიტრი სანაკოევი ცხინვალში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მისი მთავარი კონკურენტი ედუარდ კოკოითი გახლდათ. არჩევნებში ამ უკანასკნელმა „გაიმარჯვა“, თუმცა პოზიციები არც სანაკოევმა დათმო. მან განაცხადა, რომ არ უნდა დაიკარგოს ეთნიკურად ქართველი ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა ხმები. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნაწილში ჩატარებულ არჩევნებში ხმების უმრავლესობა მან მოიპოვა. ამ გამარჯვებით დიმიტრი სანაკოევი, ერთის მხრივ, იქცა ლიდერად, მეორეს მხრივ კი დევნილად. კოკოითთან დაპირისპირების შემდეგ იგი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა ცხინვალში.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 10 მაისს კი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელად დიმიტრი სანაკოევი, ცხინვალის რეგიონში არჩევნებში გამარჯვებული პირი დაინიშნა.

დროებითი ადმინისტრაცია განთავსდა ქურთაში, ცხინვალის მიმდებარე სოფელში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე თბილისი აკონტროლებდა. ადმინისტრაცია მოიცავდა ახალგორის მუნიციპალიტეტს, ერედვის, თიღვის, ქურთის თემებს.

ოფიციალური თბილისის ეს გადაწყვეტილება, 2007 წელსვე საკმაოდ აგრესიულ ნაბიჯად შეფასდა ცხინვალში. დიმიტრი სანაკოევის, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელმძღვანელის არსებობას, დე-ფაქტო ადმინსიტრაცია ყველა შესაძლებელი ინსტრუმენტით აღუდგა წინ. მათ შორის იყო ტერაქტიც, 2008 წლის 3 ივლისს. ის უშუალოდ დიმიტრი სანაკოევის ლიკვიდაციის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა. წვერიახოს მთის მიმდებარედ, ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე მიმავალი სანაკოევის კორტეჟი ნაღმზე ააფეთქეს. ამ ინციდენტის დროს 3 ადამიანი დაიჭრა, დიმიტრი სანაკოევი - მთავარი სამიზნე, უვნებელი გადარჩა.

2008 წლის ომის შემდგომ დროებითი ადმინისტრაციის მთლიანი შემადგენლობა, ისევე როგორც ასეულ ათასზე მეტი მოქალაქე, დევნილად იქცა. ადმინისტრაციის ოფისი თბილისში განთავსდა, სადაც სანაკოევი 2022 წლის 10 ოქტომბრამდე მუშაობდა.

16 წლის მანძილზე, ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციას სანაკოევის ფაქტორი არც დავიწყია და არც უყურადღებოდ დაუტოვია. 2015 წელს სანაკოევის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ცხინვალის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში კომისიაც კი შექმნეს, რომელსაც მისი სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება უნდა მოეხდინა. ანატოლი ბიბილოვი, ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ცხინვალში, იმ დროს კი პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებდა, რომ დევნილობაში მყოფი დროებითი ადმინისტრაცია „საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას“. ცხინვალში აშფოთებდათ, რომ მოსახლეობამ დაიწყო იმ სერვისებით სარგებლობა, რასაც თბილისი სთავაზობდა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და სხვა.

შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ვინც წლების განმავლობაში შსს ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, „ამერიკის ხმასთან“ აფასებს დიმიტრი სანაკოევის მიერ პოსტის დატოვების ფაქტს. ის მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი დე-ფაქტო ცხინვალს, ცალსახად ასიამოვნებს. „სანაკოევის ფაქტორი, ის, რომ თავის დროზე, არჩეული ლიდერი იყო ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლების მიერ, ამყარებდა დროებითი ადმინისტრაციის ლეგიტიმურობას. ჩვენ ანალოგიური უწყება გვაქვს აფხაზეთის მიმართულებითაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აფხაზეთიდან 35 წლის წინანდელი არჩევნების შედეგები გვაქვს, ცხინვალის რეგიონში კი არჩევნები 16 წლის წინ ჩატარდა და სანაკოევმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის ეს მნიშნველოვანი ფაქტორია,“- გვეუბნება შოთა უტიაშვილი.

დიმიტრი სანაკოევი, როგორც ცხინვალის დევნილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიპლომატიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ის ბოლო დრომდე მონაწილეობდა ჟენევის დისკუსიებში. „ამერიკის ხმასთან“ დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ დასწრებულია აბსოლუტურად ყველა შეხვედრას, რაც მხარეების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ჟენევაში გამართულა.

„ის როლი, რომელსაც ეს ადმინისტრაცია ასრულებს, მნიშნველოვანია დიპლომატიურ ფრონტზე, რადგან ეს ადმინისტრაცია წარმოადგენს იმ ხალხს, რომლის ხმაც უნდა ისმოდეს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. როგორც ყოფილი ავტონომიის ქართულ ნაწილს, ისე ეთნიკურ ოსებს, ვისაც ქართულ მხარსთან ურჩევნია ურთიერთობა. გარდა ამისა, ადმინისტრაცია დღემდე ეხმარება იქ მცხოვრებ ხალხს ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. ჰქონდა მნიშნველოვანი წარმომადგენლობითი ფუნქცია. ცხადია, საკადრო პოლიტიკა მათი გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ცვლილებებმა დააქვეითოს ინსტიტუციის ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე, ესაა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი,“- გვეუბნება შოთა უტიაშვილი.

მისივე თქმით, ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაცია სანაკოევის ჩამოცილებას გამარჯვებად ჩათვლის. „ამ ნაბიჯს რომ გამარჯვებად მიიჩნევენ, ეს სრულიად ცხადია, რადგან მათ პრობლემა ჰქონდათ როგორც ინსტიტუციასთან, ისე პიროვნებასთან. თუ პიროვნება ჩამოცილდება ამ საქმეს, ინსტიტუციაც დასუსტება და ეს დე-ფაქტო ცხინვალის სურვილია,“- მიიჩნევს შოთა უტიაშვილი.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ ენერგეტიკის სფეროში გააგრძელებს საქმიანობას, სადაც უკვე იცის, თუ რა პოზიციაზეც იმუშავებს. „აქ გამოცდილ ადამიანებს ვტოვებ. ახლა მოვალეობას დაჩი ჯაფარიძე შეასრულებს. არაფერი პოლიტიკური. აქ არაა დაპირისპირება მთავრობასთან. პირიქით, მადლობა მთავრობას, რომ ჩვენ მოთხოვნებს ამ მიმართულებით, რაც ხალხისთვის იყო საჭირო, ასრულებს“- გვეუბნება დიმიტრი სანაკოევი.

„ამერიკის ხმა“ ჯერაც ელის პრემიერ მინისტრის კომენტარს დიმიტრი სანაკოევის მიერ პოსტის დატოვების შესახებ. ჩვენს მიერ გაგზავნილი შეკითხვა ამ საკითხის თაობაზე ჯერაც პასუხგაუცემელია.

კიდევ ერთი უწყება, რომელიც ლოგიკურად, უფლებამოსილია ისაუბროს დიმიტრი სანაკოევის მიერ პოსტის დატოვების თაობაზე, საქართველოს სახელმწიფო სამინისტრო და მინისტრი გახლავთ. "ამერიკის ხმასთან" სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურმა დააფიქსირა, რომ თეა ახვლედიანის უწყების კომპეტენციის ფარგლებს სცილდება კომენტირება აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, შერიგების სამინისტროდან მივიღეთ უარი კომენტარზე. "ამერიკის ხმა" რჩება მოლოდინის რეჟიმში, მიიღოს რაიმე სახის ოფიციალური განმარტება დიმიტრი სანაკოევის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე.

უწყებრივად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, ერთგვარად, დამოუკიდებელი ორგანოა. კანონმდებლობის თანახმად, მის ფუნქციებში, სხვებთან ერთად, შედის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი ინტერესების დაცვა; ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით, მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან.

ამ დრომდე არ ყოფილა პრეცენდენტი და შესაბამისად, უცნობია, თუ როგორ დარეგულირდება არჩეული თანამდებობის პირის მიერ პოზიციის დატოვების შემთხვევაში, დროებითი ადმინისტრაციის სტატუსის საკითხი.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, თავად დიმიტრი სანაკოევი აღნიშნავს, რომ ცხინვალში დღემდე ფართო სანაცნობო წრეს ინარჩუნებს. კითხვაზე, იმის თაობაზე, თუ იცნობს პირადად ახალ დე-ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს, გვპასუხობს, რომ მას არა, მაგრამ მის მშობლებს კარგად იცნობდა, რადგან ცხინვალში სანაკოევები დიდი გვარია. ისინი ნათესაურ კავშირში არიან გაგლოევებთანაც, უფრო ზუსტად, ისინი ერთი დიდი პაპის შთამომავლები არიან.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი, შესაძლოა, ერთგვარი ბარტერტული გაცვლის ობიექტი აღმოჩნდეს, ერგნეთის მიმართულებით გზის გახსნის სანაცვლოდ. თუმცა ეს საკმაოდ სათუო შესაძლებლობაა, რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, „ამერიკის ხმასთან“ რამდენიმე წყარომ ისაუბრა მსგავსი შესაძლებლობის თაობაზე. ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტის პირობებში, ახალგორის მიმართულებით თვეში ერთხელ, ათი დღის განმავლობაში გზის გახსნის პრეცენდენტი შედგა.

დიმიტრი სანაკოევმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ მისი წასვლა რაიმე სახის სიკეთეს მოუტანს ადამიანებს.

კახაბერ ქემოკლიძეს, ამჟამად პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკურ მდივანს, წლების განმავლობაში კი ანალიტიკური სამსახურისა და უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელს, დიმიტრი სანაკოევთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ისინი არაერთხელ მსხდარან მაგიდის ერთ მხარეს. "ამერიკის ხმასთან" კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ლეგიტიმურობის ხარისხი, რაც დიმიტრი სანაკოევს ჰქონდა, მას და მის უწყებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა. "ასეთ სიჩუმეში მისი წასვლა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. იმედი მაქვს, პრემიერი გააკეთებს კომენტარს მის თაობაზე. ამ ადამიანის და მთლიანად სამსახურის პოლიტიკურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ჩართული იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესშიც. ხელისუფლებას მართებს განმარტებები ამ ცვლილების თაობაზე. ნორმალურ ცივილიზებულ სამყაროში გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება, რადგან არსებობს ვალდებულებები როგორც ერთნიკურად ქართველ, ისე, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების წინაშე. "ქართულ ოცნებას" სისტემური დისფუნქცია ახასიათებს. არ იციან ვინ რატომ მოდის, ვინ რატომ ინიშნება,"- გვეუბნება კახა ქემოკლიძე.

დე-ფაქტო ხელისუფლება ყოველთვის გამოხატავდა გაღიზიანებას სანაკოევის სამსახურის მიმართ, - გვეუბნება კახა ქემოკლიძე. "ჩვენ ეს გაღიზიანება ნაკლებად გვაინტერესებდა. იმედი მაქვს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების დამოკიდებულება სანაკოევის სამსახურის მიმართ არ გახდებოდა მისი განთავისუფლების მიზეზი, ამის იმედი მაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იქნებოდა. იმედი მაქვს იმისაც, პრემიერ მინისტრი გააკეთებს ძალიან მკაფიო განმარტებას,"- აცხადებს კახა ქემოკლიძე.

დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოადგილესთან, დაჩი ჯაფარიძესთან ერთად ჟენევაში
დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოადგილესთან, დაჩი ჯაფარიძესთან ერთად ჟენევაში

ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართა, ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა გარკვეული პოზიციური მოლოდინის შესახებ დააფიქსირა. „შესაძლოა, გარკვეული პროგრესი იყოს. თარიღზე და პერსონალიებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები [დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან] უახლოეს მომავალში კონვერტირებული იქნება კონკრეტულ ნაბიჯებში,“- განაცხადა ანთაძემ.

ცხინვალის მიმართულებით „გარკვეული სახის პროგრესისთვის“ მოლოდინის რეჟიმი გრძელდება.

XS
SM
MD
LG