ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეტროიტის მუზეუმი - კრედიტორების სამიზნე


დეტროიტის მთავრობამ კრედიტორებისთვის დავალიანების გადახდის მიზნით შესაძლოა დეტორიტის მსოფლიო ხელოვნების მუზეუმის ექსპონატები გაყიდოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00
ბმული

დეტროიტის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ასევე დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის სახელით არის ცნობილი, ძვირფასი ნახატების, ფასდაუდებელი სკულპტურების და ექსპონატების სახლია, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან არის წარმოდგენილი. თუმცა ყველაფერი ეს ქალაქის მთავრობის საკუთრებაა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი, კეინ ფარაბო მოგვითხრობს, იმის გამო რომ ქალაქში გაკოტრების პროცესი დაიწყო, შეიძლება კრედიტორთა დავალიანების გასტუმრების მიზნით ბევრი ექსპონატი გასაყიდად გამოიტანონ.


მუზეუმის უზარმაზარ ჰოლებში სამოცი ათასზე მეტი ნივთია. შეერთებულ შტატებში არსებულ მუზეუმებში ყველაზე ფასდაუდებელი კოლექცია სწორედ დეტროიტის მუზეუმში ინახება.


დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის მნახველებს აქ ახლო დისტანციით შეუძლიათ ვინსენტ ვან გოგის „ავტოპორტრეტის“ ნახვა.


ან უილიამ-ადოლფ ბუგერას „კაკლის ხეები“, რომელიც ისეთი სიზუსტით არის შესრულებული, რომ ფოტოს უფრო ჰგავს, ვიდრე ნახატს.


დიეგო რივერას მიერ დახატულმა პანომ, რომელიც დეტროიტის ავტო ინდუსტრიის კედელს ამშვენებდა, ვირჯინიელი მფრინავი ტერენს ოტული მოხიბლა.


ტერენს ოტული: საინტერესოდ ჩავთვალე აქ მოსვლა და პანოების დათვალიერება, რომლებიც ქარხნის მრავალფეროვნებას წარმოადგენს.


თუკი მუზეუმის ჰოლის კედლებს კარგად დააკვირდებით, თითოეულ ნამუშევარს, რომელიც პლაკატის სახით არის წარმოდგენილი, საკუთარი აღწერა აქვს.


ბევრ ექსპონატს კი ქვემოთ ოთხი სიტყვისგან შემდგარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახლავს, რომ ნახატი ქალაქ დეტროიტის საკუთრებაა.


სწორედ ეს განასხვავებს ამ მუზეუმს სხვა მუზეუმებისგან. დეტროიტის ქალაქი ამ მუზეუმის და მასში არსებული კოლექციის მფლობელია.


დეტროიტის გაკოტრების საქმის მენეჯერმა კევინ ორმა როცა ქალაქი გაკოტრდა, ინსტიტუტის ინვენტარიზაცია მოითხოვა, რამაც მსოფლიო ხელოვნების ქალაქის მცხოვრებლების აღშფოთება გამოიწვია.


ჯონ კინგი: ეს ამ ქალაქის და ამ შემოგარენში მცხოვრები ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იყო.


წიგნებით მოვაჭრე ჯონ კინგი დეტროიტის ძირძველი მცხოვრებია, რომელსაც მასობრივი მიგრაციის დროს ქალაქი არ მიუტოვებია. მისი თქმით, დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტში ქალაქის სული ტრიალებს და იმედოვნებს, რომ კრედიტორები არ აიძულებენ ქალაქის მთავრობას დავალიანების გასტუმრების მიზნით ექსპონატები გაყიდონ.


ჯონ კინგი: ძალიან საწყენია თუნდაც ის, რომ ისინი ექსპონატებზე როგორც აქტივებზე საუბრობენ. მათ შეუძლიათ სხვა ფორმითაც გაისტუმრონ დავალიანება, და არავითარ შემთხვევაში არ შეეხონ დეტროიტის ხელოვნების მუზეუმს.


მიჩიგანის ინსტიტუტის როსის სკოლის ბიზნესის საფინანსო პროფესორი ემიტოშ პურნანანდენი ამბობს რომ დავალიანება, რომელიც ქალაქს კრედიტორების მიმართ აქვს, ბევრად აღემატება ხელოვნების მუზეუმში არსებული ქონების ღირებულებას.


ემიტოშ პურნანანდენი: საუბარია 18 მილიარდზე, მუზეუმს კი მხოლოდ 1 ან 2 მილიარდის ამოღება შეუძლია. რომც გაყიდო ყველაფერი, ეს პრობლემას მაინც არ მოაგვარებს.


ტერენს ოტული: ექსპონატების გაყიდვა ძალიან საწყენი იქნება.


ოტული ამბობს იმასაც, რომ კოლექციის გაყიდვით დეტროიტმა შეიძლება ამ დროისთვის არსებული შემოსავლის წყაროც დაკარგოს.


ტერენს ოტული: დეტროიტის მუზეუმს მნახველები ჰყავს, ისინი ამაში ფულს იხდიან, რაც ქალაქს ახლა უაღრესად სჭირდება.


მიჩიგანის შტატის არაკომერციული ჯგუფი, „არტ-სერვი“ აცხადებს, რომ 2011 წელს ტურიზმიდან შტატის ბიუჯეტში 2 მილიონი დოლარი შევიდა, ძირითადი წილი ქალაქის კულტურულ ღირშესანიშნაობებზე მოდის, ისეთი როგორიც დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტია. მუზეუმის კოლექციის გაყიდვა არამხოლოდ ტურიზმის შემოსავალს მიაყენებს ზიანს, არამედ როგორც ექსპერტები ამბობენ, ძვირადღირებული, იშვიათი და მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობით გამოჩენა ხელოვნების ბაზარზე ქალაქის შესაძლებლობას ეჭქვეშ დააყენებს, რომ საუკეთესო ფასში მოახდინოს დეტროიტის საკუთრებით ვაჭრობა.
XS
SM
MD
LG