ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მნიშვნელოვანი დებატების წინ, მარათონი კორი ბუკერმაც დატოვა


სენატორი კორი ბუკერი დემოკრატიულ საპრეზიდენტო პრაიმერიში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ნიუ-ჯერსის სენატორმა გადაწყვეტილება კამპანიისთვის საჭირო თანხების ნაკლებობით ახსნა.

„მე ავირჩიე შევაჩერო კამპანია, მივხედო ჩემს შესანიშნავ თანამშრომლებს და მოგცეთ დრო შეჩერდეთ სხვა რომელიმე ძლიერ არჩევანზე“ - განაცხადა ბუკერმა მხარდამჭერებისთვის გაგზავნილ წერილში.

ბუკერი ფინალისტებს შორის მესამეა, რომელმაც კამპანია შეწყვიტა. საპრეზიდენტო რბოლა ორი კვირის წინ დატოვა სან-ანტონიოს მერმა ხულიან კასტრომ. ხოლო დეკემბერის დასაწყისში, კამპანია შეწყვიტა კალიფორნიის შტატის სენატორმა კამალა ჰარისმა.

ხვალ, 14 იანვარს, აიოვის შტატის საპრეზიდენტო დებატების სცენაზე მხოლოდ ექვსი დემოკრატი პრეტენდენტი იქნება წარმოდგენილი. გადაწვეტილება დემოკრატიულმა ეროვნულმა კომიტეტმა შაბათს გაახმოვანა. პრაიმერიში მონაწილეობას შემდეგი კანდიდატები მიიღებენ: ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი (ქალაქი საუთ-ბენდი, ინდიანა), სენატორი ემი კლობუჩარი (მინესოტა), სენატორი ბერნი სანდერსი (ვერმონტი), ბიზნესმენი ტომ სტაიერი და სენატორი ელიზაბეტ უორენი (მასაჩუსეტსი).

რამდენიმე კვირაში კი, აიოვის შტატში პირველი კოკუსი გაიმართება. დახურული კენჭისყრის გზით, აიოველი ამომრჩევლები დემოკრატ კანდიდატებს შორის საუკეთესოს დაასახელებენ.

კვლევები აჩვენებს, რომ აიოვის შტატში ბრძოლა დაძაბული იქნება და რომ არცერთ კანდიდატს არ აქვს გამოკვეთილი უპირატესობა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატობის პრეტენდენტთა შორის, მცირე უპირატესობას კვლავ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG