ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის დამარცხება - დემოკრატი კანდიდატების კამპანიის მთავარი ხაზი


შეერთებული შტატების დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების წამყვანი ხუთეული ორშაბათს საღამოს პირდაპირ ეთერში ამომრჩევლების კითხვებს პასუხობდა. "სი-ენ-ენის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, აუდიტორიაში ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ისხდნენ. მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ: ბერნი სანდერსი, პიტ ბუტეჯეჯი, ელიზაბეტ უორენი, ემი კლობუჩარი და კამალა ჰარისი.

მარათონის ტიპის შეხვედრაზე აშკარად გამოიკვეთა, რომ ბევრი მსგავსების და ნაკლები უთანხმოების ფონზე, კანდიდატების საარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება არის ის, თუ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში, როგორ შეძლებენ ისინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამარცხებას. ჯერჯერობით, ბრძოლაში არ არის ჩართული ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც გამოკითხვების ერთ-ერთი ლიდერია. კულუარული ინფორმაციით, ის საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად ამ კვირის განმავლობაში დაასახელებს.

დემოკრატიული პარტიის პირველი დებატები ივნისის ბოლოს ნიუ-ჰემპშირის შტატშია დანიშნული. თუმცა, გუშინდელი შეხვედრა შეიძლება მომავალი დებატების ერთგვარ პრელუდიად ჩაითვალოს, რომელზეც დემოკრატთა წამყვანმა კანდიდატებმა თავი 5-საათიან მარათონზე პირველად მოიყარეს.

როგორც ირკვევა, მხოლოდ სენატორები კამალა ჰარისი და ელიზაბეტ უორენი არიან კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მომხრეები. ბერნი სანდერსმა და ემი კლობუჩარმა ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდეს.

ბერნი სანდერსი პატიმრებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მომხრეა. მისი ოპონენტი პიტ ბუტეჯეჯი კი თვლის, რომ ეს სასჯელის ერთ-ერთი ნაწილია და მათ ხმის უფლება მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ უნდა აღუდგეთ.

ხუთივე კანდიდატი თანხმდება იმიგრაციის პრობლემებზე. ისინი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მომხრეებიც არიან, ოღონდ სხვადასხვა გზით.

ელიზაბეტ უორენი აცხადებს, რომ ამერიკელი მილიონერები, რომელთა წლიური შემოსავალი 50 მილიონს აღემატება, განსხვავებულად უნდა დაიბეგრონ. მისი თქმით, "ულტრა-მილიონერებისთვის" თითოეულ დოლარზე ორცენტიანი გადასახადი, მთლიანად დააფინანსებდა ამერიკელებისთვის უფასო კოლეჯებს და უფასო საყოველთაო ჯანდაცვას.

სწორედ ასეთ იდეებზე ამახვილებს ყურადღებას მათი მთავარი ოპონენტი, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. წლის დასაწყისიდან მან ამომრჩევლები არაერთხელ გააფრთხილა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატები ქვეყანას სოციალიზმისკენ წაიყვანენ.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკაზე კითხვები ნაკლებად იყო. თუმცა, ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ბერნი სანდერსმა თქვა, რომ ისრაელი პალესტინელებს "უსამართლოდ" ექცევა, მან დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა.

"სი-ენ-ენს" არ დაუკონკრეტებია, თუ რა პრინციპით შეარჩია მარათონის მონაწილეები. ტელეკომპანია ამომრჩევლებთან მსგავს, ე.წ. თაუნჰოლის ტიპის შეხვედრებს ხშირად მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG