ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატია - იარაღი ტერორიზმის წინააღმდეგ


დემოკრატია - იარაღი ტერორიზმის წინააღმდეგ

10 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. თბილისში ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყნებში სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა.

”მშვიდობის ხე” - ამ სახელწოდებით ამერიკელ მეგობართა კლუბმა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით აქცია გამართა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი ადამიანები დაესრნენ.

ამერიკა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ უფრო გაძლიერდა, თვლის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი კოტე კემულარია: ” - ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ექსპერტების უმეტესობა, რომლებიც უსაფრთხოების, საერთაშორისო უსაფრთხოების დარგში მუშაობენ, ამას ხაზს უსვავენ. თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, შეიძლება შეეხოს ეს. თუნდაც ჩვენი უბედურება.. პატარა ქუთაისელი გოგონა, რომელიც ნორვეგიაში დაიღუპა... ვინ იფიქრებდა, რომ შორეულ, მშვენიერ ნორვეგიაში შეეხებოდა ტერორიზმი გოგონას, რომელიც ბედნიერებაზე, სწავლაზე ოცნებობდა.

ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიისკენ, დემოკრატიის ციტადელი აშშ-ია. ამიტომ ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ მან იწვნია. ჩვენ პარტნიორები ვართ, ჩვენი ბიჭები იბრძვიან, იჭრებიან.. ისინი სწორედ ტერორიზმს ებრძვიან..”

” - ეს საზარელი ტერორისტული აქტი არ იყო მხოლოდ ამერიკელი ხალხის წინაარმდეგ მიმართული ქმედება”- ამბობს პარლამენტის წევრი ირაკლი ქავთარაძე.

ამერიკის მეგობართა კლუბის მიერ გამართულ აქციაზე, რომელიც ქორთიარდ-მარიოტში ჩატარდა, გამოიფინა ტრაგედიის ამსახველი ქართველი მხატვრების 17 ნამუშევარი, დაიდგა ხე, რომელსაც ღონისძიების მონაწილეებმა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ფერადი ლენტები შეაბეს. კლუბის ხელმძღვანელი ილია ზუკაკიშვილი ამბობს, რომ ” - 11 სექტემბერი მხოლოდ ამერიკელების ტრაგედია არ არის. ვერანაირი ტერორიზმი ვერ დაამარცხებს თავისუფლების სულს, თავისუფლების სულისკვეთას”.

დედამიწაზე ყველა ადამიანი უნდა იყოს დარაზმული ამ სენის წინააღმდეგ, მიიჩნევს ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძე: ” - ასეთი ტრაგედია ისტორიას არ ახსოვს, მითუმეტეს აშშ-ის ისტორიას.თვალწინ მიდგას სურათები, როდესაც ადამიანები ცათამბჯენებიდან ხტებოდნენ. ხტებოდნენ იმ სიმაღლიდან , ე.ი. იმდენად საშინელება იყო შიგნით, რომ გადახტომა მათთვის იყო შვება.

მინდა მივუსამძიმრო ამერიკელ ხალხს, მივუსამძიმრო აშშ-ის მთავრობას.. ბრძოლა ტერორიზმთან არის საჭირო და ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი”.

”ვფიქრობ, მთავარი იარაღი ტერორიზმის წინააღმდეგ არის დემოკრატია”- აცხადებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.

XS
SM
MD
LG