ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო კონფერენციას ჩაშლა ემუქრება


სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს განზრახული რომ ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ძალას გადააბაროს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00
ბმული

ნაკლებად სარწმუნოა რომ სირიის სამშვიდობო კონფერენცია ივლისში გაიმართოს, ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ლაქდარ ბრაჰიმიმ განაცხადა.

მაისის დასაწყისში შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების მიზნით საერთაშორისო კონფერენციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ივნისის დასაწყისში რუსეთის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები გაეროს წარმომადგენელ ლაქდარ ბრაჰიმისთან ერთად კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ იმედი ჰქონდათ რომ ეს კონფერენცია ივლისში გაიმართებოდა.

თუმცა სამშაბათს, ამერიკელ და რუს წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ ჟენევაში ჟურნალისტებს გაეროს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ კონფერენცია ივლისში სავარაუდოდ აღარ გაიმართება.

ლაქდარბრაჰიმი: მეეჭვება, რომ კონფერენცია ივლისში გაიმართება. ოპოზიციის შემდეგი შეხვედრა ოთხ ან ხუთ ივლისს შედგება, და არ მგონია რომ ისინი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მზად იყვნენ.

25 ივნისს ჟენევაში გამართულ შეხვედრაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილეც მონაწილეობდა.

ბრაჰიმი აცხადებს, რომ მათი მიზანია ჟენევის შეხვედრამ ყველა ღონე იხმაროს სირიის კონფერენციის მოსამზადებლად იმისათვის, რომ კონფერენცია საბოლოო წარმატების მომტანი გამოდგეს.

ლაქდარ ბრაჰიმი: რეგიონში არსებული სიტუაცია სერიოზულად შემაშფოთებელია. ხალხს დიდი იმედი აქვს, რომ ხელისუფლებას რეგიონში, და დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და რუსეთი - შეგნებული აქვთ არსებული მდგომარეობა და სურთ რომ შეაჩერონ არსებული კონფლიქტი , რომელმაც არამხოლოდ სირია, არამედ უკვე თითქმის მთელი რეგიონი მოიცვა.

გაეროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი მომავალ კვირას სირიაში არსებული სიტუაციის განხილვის მიზნით შეხვედრას გეგმავენ.

შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაში დაპირისპირებულ მხარეთა მოკავშირეები არიან. რუსეთი სირიის პრეზიდენტის-ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია, შეერთებული შტატები კი ასადის ოპოზიციას უმაგრებს ზურგს. ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სირიელ მეამბოხეებს იარაღით მოამარაგებს, ეს არის არალეტალური, ჰუმანიტარული დახმარების შემდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

ბრიტანული ჯგუფის „მეიფელკროფტის“ ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ტობიორნ სოლდვეტი ამბობს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზების პოვნა არსებული კრიზისის გათვალისწინებით სულ უფრო საეჭვო ხდება.

საერთაშორისო კონფერენცია სირიაში სიტუაციას ვერ შეცვლის, ამბობს ანალიტიკოსი.

ტობიორნ სოლდვეტი:იმ შემთხვევაშიც კი თუ გაიმართა კონფერენცია, კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით წარმატების მიღწევის შანსები ძალიან ბუნდოვანია. რუსეთის და შეერთებული შტატების პოზიციები ძალიან განსხვავებულია. სირიაში მიმდინარე კონფლიქტს გავითვალისწინებთ, არცერთ მხარეს არ აქვს ისეთი სტიმული რომ იარაღი დაყაროს და შეწყვიტოს დაპირისპირება. მისი თქმით, ორივე მხარე ფიქრობს რომ იარაღით უფრო მიაღწევენ გამარჯვებას.

14 ივნისს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის საკითხს, რომლის მიზანი სირიის კოალიციური ხელისუფლების შექმნა იქნება, სადაც სირიელი ხალხის ინტერესების წარმომადგენლები შევლენ. მან ასევე დაამატა ისიც, რომ სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს განზრახული რომ ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ძალას გადააბაროს.
XS
SM
MD
LG