ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ფილმი „სტალინის სიკვდილი“ აკრძალა


ბრიტანულ-ფრანგული პოლიტიკური სატირა „სტალინის სიკვდილი“, რომელიც კინო-თეატრებში ხვალ უნდა გამოსულიყო რუსეთმა აკრძალა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია მოხდება თუ არა ფილმის ჩვენება რუსეთში.

სააგენტო „ინტერფაქსი“ კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფილმის გავრცელების ლიცენზია ჩამოერთვა კომპანია „ვოლგას.“ სამინისტროს წარმომადგენელმა „ინტერფაქსს“ ასევე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ფილმის ჩვენების შესახებ, მოგვიანებით მიიღებენ.

სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, იური პოლიაკოვმა ფილმს „ეროვნული და სამოქალაქო გრძნობების შეურაცხყოფა“ უწოდა. „პროფესიული თვალსაზრისით, ეს ძალიან ცუდი ფილმია, სრულიად ტყუილზე დაფუძნებული. ეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური ომის მაგალითია“, ამბობს პოლიაკოვი.

არმანდო ლანუჩის სატირული ფილმი 1953 წლის მოსკოვს და სტალინის სიკვდილის შემდეგ მიმდინარე ძალაუფლებისთვის გამართულ ომებს აჩვენებს.

შეერთებული შტატების კინო-თეატრებში ფილმი ექვს კვირაში გამოვა, მამდე კი მისი ჩვენება „სანდენსის“ კინო-ფესტივალზე გაიმართა, სადაც ფილმის რეჟისორმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მისმა გუნდმა ფილმის მომზადებაზე, მათ შორის არქივების შესწავლაზე, დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა.

„ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით საბჭოთა კავშირის ისტორიას და იმას რაც იქ 1950-იან წლებში ხდებოდა, ამას ფილმში არც ვმალავთ. იმ რუსებისგან, ვინც ფილმი ნახა, კარგი გამოხმაურებები მივიღეთ, მათი აზრით, ფილმი სასაცილოა“, უთხრა „ამერიკის ხმას“ არმანდო იანუჩიმ.

ფილმის დისტრიბუციიაზე უარის თქმის ერთ-ერთი ინიციატორის დუმის ყოფილი წევრის პაველ პოჟიგაილოს თქმით, ფილმში სტალინი „იდიოტადაა“ ნაჩვენები. მთავრობის მსგავსი გამოხმაურება არ გაკვირვებია როლის შემსრულებელ ჯეისონ აიზეკს. თუმცა მას რუსეთის მთავრობაზე მეტად, იმ მეგობრის შთაბეჭდილებები უფრო აინტერესებს, რომლის ოჯახიც სტალინის რეჟიმმა გულაგში გადაასახლა.

„ისინი მოუთმენლად ელიან ფილმის გამოსვლას, მათი ნაამბობის მიხედვით, იმ დროებში მათ მხოლოდ სიცილი შველოდათ. ტერორის პირობებში ადამიანები ავრცელებდნენ ანეგდოტებს სტალინზე, რითაც პირად ღირსებას ინარჩუნებდნენ,“ ამბობს აიზეკი.

„უცნაურად ჟღერს, მაგრამ კომედია სასაცილო მხოლოდ მაშინაა, თუ ისტორიის სინამდვილის გჯერა“, ამბობს მსახიობი ანდრეა რაიზბორო.

„სანდენსის“ ფესტივალზე რაიზბოროს მონაწილეობით სამი ფილმი იყო წარდგენილი. “სტალინის სიკვდილში“ ის ბელადის ქალიშვილს სვეტლანას როლს თამაშობს.

„ის წარმოუდგენლად მედგარი იყო. ვერც კი წარმომიდგენია, რა ხდებოდა ამ ქალის გრძნობებში, რომლის მამაც სტალინი იყო. ჩემთვის ყველაზე რთული სწორედ ამ გრძნობის ჩვენება იყო“, ასე იხსენებს რაიზბორო ფილმზე მუშობის პერიოდს.

ფილმის რეჟისორს ფილმზე უარყოფითი გამოხმაურებები არ უკვირს.

„მიზეზი, რატომაც ეს ფილმი გადავიღე არის ჩემი დაკვირვება პოლიტიკაზე ზოგადად, არა მხოლოდ პუტინის პოლიტიკაზე, არამედ ტრამპზეც, ერდოღანზეც, ასევე პოლიტიკაზე ბელორუსში, იტალიაში. ამ ფილმის ცენტრშია ძლიერი ლიდერი ძალაუფლებით და სრული კონტროლით“, ამბობს იანუჩი.

რეჟისორი იმედს გამოთქვამს, რომ ფილმის ნახვა რუსეთშიც შეეძლებათ, თუმცა, არა საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG