ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში უცხოელი ტურისტების მოზღვავებაა


ვაშინგტონში უცხოელი ტურისტების მოზღვავებაა

უცხოელ დამსვენებლებისთვის ვაშინგტონი ყველაზე პოპულარული ადგილია ამერიკაში.

aამერიკის დედაქალაქში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება.

ფინანსური პრობლემების მოზღვავების ფონზე, ადამიანი იძულებულია ბევრ დათმობაზე წავიდეს. წელს ამერიკელების დიდი ნაწილი, მწვავე საბიუჯეტო კრიზისისა და გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში, მიუხედავად შესამჩნევი გამოცოცხლებისა, ფულის ზედმეტი ხარჯვისგან და საზღვარგარეთ მოგზაურობისგან იკავებენ თავს. დედაქალაქი სამაგიეროდ უცხოელი ტურისტების მოზღვავებას განიცდის. ექსპერტები ამ გარემოებას ევროს სტაბილურობასა და ვაშინგტონის განსაკუთრებულ ანდამატს უკავშირებენ.

ამერიკის ხმა შეეცადა დეტალები ვაშინგტონის ოფიციალური ტურიზმის დეპარტამენტისგან მიეღო. ამ პატარა სააგენტოს პრეზიდენტი ელიოტ ფერგუსონი ამბობს, რომ ტურისტების ჯამური წლიური მაჩვენებელი 4 პროცენტით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით, მაგრამ ეს ამერიკელი ვიზიტორების შემცირების ხარჯზეა. ქალაქის ხელისუფლებას ოპტიმიზმს უცხოელ ტურისტების სიმრავლე უნერგავს, რომელთა რაოდენობა 9 პროცენტით გაიზარდა და მთლიანობაში 1.4 მილიონი ადამიანი შეადგინა.

როგორც ჩანს, უცხოელი ტურისტებისათვის ვაშინგტონი ყველაზე პოპულარული ადგილია მთელი ამერიკის მასშტაბით.

რაქუელ სოარესი.ბრაზილიიდან ჩამოვიდა. ვაშინგტონი მას განსაკუთრებით იზიდავს ისტორიული ძეგლების, მონუმენტებისა და ბევრი ღირშესანიშნავი, მსოფლიო მნიშვნელობის ადგილის გამო, პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. ამას ემატება ისიც, რომ ბრაზილიელებს ვიზის მისაღებად ბევრად უფრო გაადვილებული პროცესის გავლა უწევთ.

ერთერთი კერძო ტურისტულ მარკეტინგული ფირმის პრეზიდენტი მეთ გაფნი გვეუბნება, რომ წელს არამხოლოდ ბრაზილიელების სიმრავლე, არამედ ევროპელი ტურისტების ბევრად უფრო დიდი რაოდენობა შეინიშნება ვაშინგტონში. მათ შორის არიან დამსვენებლები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან და ჩინეთიდან.

ამერიკული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელები საბოლოო ჯამში კმაყოფილი არიან იმ ფაქტით, რომ მიუხედავად ამერიკელი ტურისტების ნაკლებობისა, ვაშინგტონს უცხოელი ვიზიტორების სიმრავლე ახლავს თან. ტურისტული ინდუსტრია იგებს იმითაც, რომ აქ უცხოელი დამსვენებლები მინიმუმ 7 დღე-ღამეს რჩებიან, საშუალოდ 2000 დოლარს ხარჯავენ, და ქალაქის ბიუჯეტსაც ავსებენ.

ვაშინგტონში მართლაც ბევრი ღირშესანიშნაობა ელოდება დამთვალიერებელს -თეთრი სახლისა და კონგრესის ულამაზესი შენობებით დაწყებული, მსოფლიოში წამყვანი მუზეუმებით, მდინარე პოტომაკის თვალწარმტაცი სანაპიროებით, საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრებითა და კოლონიალური ეპოქის ქუჩებით დამთავრებული.

ოფიციალური ტურისტული დეპარტამენტის ცნობით, წლის ბოლომდე ამერიკის დედაქალაქში კიდევ უფრო მეტ უცხოელ სტუმარს ელიან.

XS
SM
MD
LG