ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი: ღარიბაშვილი უნდა გადადგეს


შეერთებულ შტატებში, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. თბილისში აქტივისტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ორგანიზაციებისი წარმომადგენლების წინააღმდეგ განვითარებულმა ძალადობა ბევრისთვის შოკიმომგვრელი იყო ვაშინგტონშიც. ამერიკის დედაქალაქში ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ მომხდარში პასუხისმსგებელი პირები თანამდებობიდან უნდა გადადგენ.

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, - აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

„ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, - აცხადებს ის.

მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც. „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“- წერს ის.

„კადრები თბილისიდან საშინელი სანახავია. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა თავისი ვალდებულების შესრულება, დაეცვა მისი მოქალაქეების თანასწორი უფლება შეკრების და სიტყვის თავისუფლების კუთხით.

ეს გავლენას იქონიებს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასა და პროგრესზე“ , - ამბობს ჯეიმს კირჩიკი, „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

დღეს, თბილისში რადიკალურმა ჯგუფებმა "ღირსების მარში" ჩაშალეს. დაარბიეს რამდენიმე შენობა, მათ შორის "თბილისი პრაიდის" და "ეუთოს" შენობები. დაჭრილია ერთი პოლონელი ტურისტი, ნაცემია ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლის ჩაცმულობაც რადიკალური ჯგუფებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა რთულია. "ტვ პირველის" ოპერატორს მძიმე დაზიანება აქვს სახეზე მიღებული და ის საავადმყოფოში იმყოფება. "ტვ პირველის" ეთერში წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ თქვა, რომ დაშავებულ ოპერატორს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. დაშავებულია თითქმის ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი.

უპრეცედენტო თავდასხმებისა და ძალადობის შემდეგ "თბილისი პრაიდმა" განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ღირსების მარში აღარ გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG