ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

ხმის მიცემის შესაძლებლობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამოიწურა. ახლა ხმების დათვლის დრო დადგა. არჩევნების დღე საკმაოდ დაძაბული გახლდათ თითქმის ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც არჩევნების მეორე ტური იყო ჩანიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნების დღეს გამოძიება დაწყებულია დანაშაულის 8 ფაქტზე, დაკავებული კი ერთი პირია. შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი ბრიფინგზე ამბობს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ პოლიციას, თუკი იციან დარღვევების თაობაზე. იმ 8 დარღვევას შორის, რომელთა თაობაზე საქმეს უკვე იკვლევენ, თითქმის ნახევარი ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ დევნას ეხება. დანარჩენი შემთხვევების უმეტესობაც ფიზიკური დაპირისპირების გამოა აღძრული.

შსს-ს საგამოძიებო სიაში პირველია ქარელში მომხდარ ინციდენტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი დაუპირისპირდა ჟურნალისტს.

თავდასხმა ნიკა მელიაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

„ბეიჯი არ ეკეთა და კამერებს ემალებოდა. მე მივუახლოვდი ჩართული კამერით და ვკითხე, რატომ იყო არაიდენტიფიცირებადი პირი უბანზე. ჯერ პასუხს არ მცემდა, შემდეგ უხეშ ქცევას მიმართა. თავდაპირველად დამარტყა ხელი ხელზე და მიკროფონზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და შევიდა 42-ე უბანზე. მეც შევყევი, შემოტრიალდა, რამდენჯერმე ჩამარტყა ხელი თავში და მხარზე. მე პოლიციისგან ვითხოვდი რეაგირებას,“- ასე იხსენებს მომხდარს ირაკლი კოშაძე, ტელეკომპანია „მონიტორინგის“ ჟურნალისტი.

ჟურნალისტზე თავდამსხმელი პირი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან გაირიცხება, - ასეთი შეფასება გააკეთა ინციდენტზე ნიკოლოზ ახალკაცმა, მერობის კანდიდატმა ქარელში „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ჩვენ წინააღმდეგები ვართ ასეთი ქმედებების. მივმართავთ ყველანაირ ღონისძიებას, რომ გავრიცხოთ ჩვენი რიგებიდან. ამის თაობაზე დასკვნა უკვე გაკეთებული გვაქვს. მივმართავ პოლიციას, რომ მიიღონ სათანადო ზომები მის მიმართ და შეისწავლონ ინციდენტი,“- ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი.

"პანაშვიდისთვის შეკრება" ქუთაისის 56-ე საარჩევნო უბანზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

ფიზიკური შეურაცხყოფის ინციდენტი დაფიქსირდა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ვაზისუბანში. 62-ე უბანზე, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე საათნახევრით ადრე, ელექტროენერგია გაითიშა. ეს შენობის იმ ნაწილში მოხდა, სადაც მოქალაქეები ხმას აძლევდნენ. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ შუქის გათიშვა იმით ახსნა, რომ შენობის გათბობისთვის ბევრი ელექტროქურა იყო ჩართული, რა დატვირთვასაც სადენებმა ვერ გაუძლო და მოკლე ჩართვა მოხდა.

ვაზისუბნის 62-ე უბანთან მყოფი ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და თავში ჩაარტყეს. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე ვერ გაანეიტრალა, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ფაქტობრივად, პოლიციელების ალყაში გახლდათ. ვითარება დაიძაბა, თუმცა ცოტა ხანში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელსაც, უკეთესია, არავინ აჰყვეს და შეკრებილ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტის ცემა ქარელის საარჩევნო უბანზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმის შეფასებისას, ნიკა მელია აპრიორი პროვოკატორად მოიხსენია და განაცხადა, რომ „სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია“.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პირადად აკვირდებოდა არჩევნების პროცესს. „ჩვენ მეორე ტურს ვაკვირდებით. დღესაა არჩევნების დღე, ამიტომ ეს არაა ის დრო, როდესაც ჩვენ და ჩემნაირებმა უნდა ილაპარაკონ პოლიტიკაზე. ეს ის მომენტია, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა, რადგან იმას, თუ რა არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, წყვეტენ ის ადამიანები, ვინც საარჩევნო უბანზე მიდიან და ხმას აძლევენ. მე მოვუწოდებ ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ. რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება. ევროკავშირი დიდი ხანია მუშაობს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე საქართველოში და დიდ ძალისხმევას დებს საარჩევნო პროცესის სანდოობის მიმართულებით. ვწუხვართ, პოლარიზაციის მაღალი ხარისხის გამო, რაც იყო მზარდი. მწვავე რიტორიკა ფიქსირდებოდა მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. როგორც არჩევნების დროს, ისე მის შემდგომ უნდა შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის, იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს, რადგან ქვეყანა უნდა წავიდეს წინ,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ საარჩევნო უბანთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

ამერიკის საელჩო 26 ჯგუფთან ერთად აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა არჩევნებში მივიღო მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი არჩევნები და დღეა საქართველოსთვის. ესაა დღე, როდესაც მოქალაქეები გამოდიან და ხმას აძლევენ იმას, რომ პოლიტიკური ლიდერები ანგარიშვალდებულები გახადონ მათ წინაშე. ამ დროს მოსახლეობას სურს, რომ ლიდერებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტის შესახებ, სამუშაო ადგილების, გზებისა, თუ ჯანდაცვის შესახებ. ესაა დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის. მოხარული ვარ, რომ საარჩევნო გარემო კარგადაა ორგანიზებული.“- აცხადებს კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში.

ხმის მიცემის მცდელობა სიძის პირადობით
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:53 0:00

საქართველოში 24 აგვისტოდან იმყოფება ეუთო-ოდირის მისია, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ალბერტ იონსონი, მისიის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ არჩევნების დღე ძალიან მნიშვნელოვანია. „ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დღეს, ყველა დეტალს. როდესაც დავასრულებთ მონიტორინგს, დასკვნას გამოვაქვეყნებთ. პირველი ასეთი იქნება ხვალ. საბოლოო ანგარიშს კი რამდენიმე კვირის შემდეგ წარმოვადგენთ. მასში ასახული იქნება რეკომენდაციები და მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიულ პროცესს,”- აცხადებს იონსონი.

არჩევნების დღე საქართველოში ჯერ არ დასრულებულა.

„ქართული ოცნება“ დილიდან ამზადებდა სცენას ღია სივრცეში, რაც არჩევნების შედეგების საზეიმო აღნიშვნისთვისთვის გახლავთ გამიზნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG