ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს პატიმრობა მიუსაჯა. კოლეგიამ, შალვა თადუმაძის, ლევან თევზაძისა და მერაბ განინაშვილის შემადგენლობით კეზერაშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადად 10 წელი განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიით ეს ვადა განახევრდა და 5 წლამდე შემცირდა.

დავით კეზერაშვილს საქართველოს პროკურატურა 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა. კეზერაშვილი უკვე წლებია რაც საქართველოში არ იმყოფება.

უზენაესმა სასამართლომ საქმეზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა. დავა კეზერაშვილის წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე დაიწყო გამოძიება და დევნა. ქართულმა სასამართლომ კეზერაშვილი "ტელე იმედის გასხვისების" საქმეში უდანაშაულოდ სცნო. დღემდე, კეზერაშვილი რამდენიმე საქმეშია ბრალდებული.

დავით კეზერაშვილი წლებია საქართველოში არ იმყოფება, ის უკვე მეორე წელია რაც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ნაციონალური მაუწყებლის ტელეკომპანია "ფორმულას" 51%-იანი წილის მფლობელია. კეზერაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე იკავებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG