ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქრაძეს შიდა-პოლიტიკურ თემებზე კონგრესში შეშფოთება ესმის


უმცირესობის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკამ გავლენა არ უნდა იქონიოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. დღეს ბატონი დავითი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სენატორ როი ბლანტს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტ ლორნ კრანერთან და წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში კონგრესმენ ტომ კოტონს შეხვდა.

კაპიტოლიუმზე შეხვედრებს შორის ამერიკის ხმა უმცირესობის ლიდერს ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრა. ვიზიტის შეფასება ბატონმა ბაქრაძემ ასე გააკეთა:

„საქართველოსთვის ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და იქნება რაც შეიძლება ახლო ურთიერთობის შენარჩუნება შეერთებულ შტატებთან. იმიტომ, რომ მთელი ჩვენი უკანასკნელი ისტორიის განმავლობაში შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დასავლური ორიენტაციის მთავარ გარანტორად. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებიდან თუ ოპოზიციიდან, ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დარჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.“

მისივე განცხადებით, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯად ითვლება დემოკრატიული განვითარების მხრივ. თუმცა, ის ამბობს, რომ „ძალიან ბევრი შეშფოთება“ მოისმინა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ, ქვეყნის შიდა პოლიტიკამ გავლენა არ უნდა იქონიოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე.

სხვა თემებთან ერთად, უმცირესობის ლიდერის თქმით ის ამერიკის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შემდეგ თემებს განიხილავს: ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ის ასპექტები, რომლებიც სტრატეგიული ქარტიის საკითხებში ქარტიის დადების ეტაპზე ვერ შევიდა, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს - მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმდება; საქართველოსთვის მხარდაჭერის გაგრძელება დასავლურ ორიენტაციასა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში; და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG