ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის პოლიცია რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირს ეძებს


კვიპროსის პოლიცია ეძებს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირს, რომელიც შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინ დაკავებული ჯაშუშთა ქსელის წევრია. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ და შეერთებული შტატების სამართალდამცავება დააკავეს ათი პირი, რომლებსაც ბრალად ედება რუსეთისთვის ჯაშუშობა.

კვიპროსის პოლიციის ცნობით, 54 წლის კრისტოფერ რობერტ მეტსოსი გუშინ არ გამოცხადდა ქალაქ ლარნაკას პოლიციის განყოფილებაში. მეტსოსი პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო მას შემდეგ რაც კვიპროსის სამართალდამცავებმა თავდებით გაათავისუფლეს იგი 29 ივლისს დანიშნული ექსტრადიციის მოსმენებამდე.

მეტსოსი იყო მეთერთმეტე ეჭვმიტანილი, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ დაასახელა იმ ათ პირთან ერთად, რომლებსაც ბრალად ედებათ გრძელვადიანი სადაზვერვო საქმიანობა შეერთებულ შტატებში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის, რომელიც ეს-ვი-არ-ის აბრევიატურით არის ცნობილი.

თავდაპირველად მატსოსი სამშაბათს ლარნაკას ეროპორტში დააკავეს. მას კვიპროსიდან უნგრეთში ცალმხრივი ავიაბილეთი ჰქონდა ნაყიდი.

მეტსოსის გაუჩინარება კვიპროსის ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. კვიპროსის სამართალდამცავები და სასამართლო სისტემა უკვე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათ მეტსოსი თავდებით გაათავისუფლეს.

ამას გარდა მეტსოსის დაკავებასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა კვიპროსელების რისხვა გამოიწვია. აი რას ამბობენ რიგითი კვიპროსელები ამასთან დაკავშირებით:

„ეს უდავოდ ჩვენი ხელისუფლების სისუსტის მანიშნებელია. ისინი უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამგვარ საქმეებს.

თუ ასეთ პირს გაათავისუფლებ, რასაკვირველია ის მიიმალება.“

კვიპროსის იუსტიციის მინისტრმა ლუკას ლუკამ სასამართლოს გადაწყვეტილებას მეტსოსის თავდებით გათავისუფლების შესახებ „მცდარი“ უწოდა. კვიპროსის პოლიციელებსაც გაუკვირდათ, რომ მეტსოსი თავდებით გაათავისუფლეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ლუკამ აღნიშნა, რომ კვიპროსის სამართალდამცავებმა გაქცეული ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის შესახებ გარკვეულ ოპერატიული ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ მას დეტალები არ დუკონკრეტებია.

მოსამართლე კრისტოს ფილიპიუ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ, ზოგიერთი მიმომხილველის თქმით, მისი გადაწყვეტილება მეტსოსის თავდებით გათავისუფლების შესახებ „გულუბყვილო“ იყო.

როგორც ირკვევა, მეტსოსი კვიპროსის საკურორტო ქალაქ ლარნაკაში იაფფასიან საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდა. კვიპროსის პოლიციის ცნობით მათთვის უცნობია დატოვა თუ არა ეჭვმიტანილმა კუნძული. აგრეთვე უცნობია გადავიდა თუ არა მეტსოსი კვიპროსის ჩრდილოეთ თურქულ სექტორში.

იმ შემთხვევაში თუ მეტსოსი კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში მიიმალა, სამართალდამცავებს პრობლემები შეექმნებათ.

კვიპროსის ხელისუფლებასა და კუნძულის სეპარატისტულ თურქულ ნაწილს შორის არც ექსტრადიციის შეთანხმება არსებობს და არც დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ორი მხარის სამართალდამცავები თანამშრომლობენ და წარსულში სისხლის სამართლის რამდენიმე დამნაშავე დეპორტირებულ იქნა.

XS
SM
MD
LG