ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ემუქრება ყირიმის ეკონომიკას?


დასავლეთის სანქციებმა ორ რუსულ ბანკს შეუწყვიტა „ვიზა“ და „მასტერქარდის“ მომსახურება

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ შესაძლოა ნახევარკუნძულის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში მოაქციოს.

უკრაინის კრიზისმა ბევრ ბანკზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გამოტანა გააძნელა. რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობამ, უკრაინის ბანკებიდან თანხების გადარიცხვა პრობლემური გახადა.

ყირიმის ბანკომატებში ნაღდი ფული ილევა და ბანკებმა ფულის გამოტანაზე შეზღუდვა დააწესეს, რამაც დიდი რიგები და კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

დასავლეთის სანქციებმა, როგორც მინიმუმ ორ რუსულ ბანკს შეუწყვიტა „ვიზა“ და „მასტერქარდის“ მომსახურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ყირიმის ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო სისტემის, იურიდიული და სამთავრობო სისტემების რუსეთში ინტეგრაციის გარდამავალი პერიოდი, 2015 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

ყირიმში ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო სისტემის უკრაინიდან რუსეთზე გადართვამ შესაძლოა საკრედიტო ბარათები, სულ ცოტა რამდენიმე დღით მაინც, სრულიად გათიშოს.

რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ბაზაზე, სევასტოპოლში, სულ მცირე ერთმა სასტუმრომ გააფრთხილა სტუმრები, რომ ორშაბათიდან შესაძლოა საკრედიტო ბარათები ვეღარ მიიღონ.

ყირიმის ეკონომიკა შესაძლოა დაკარგული ტურიზმის გამოც დაზარალდეს.

უცხოელმა ტურისტები სავარაუდოდ მოერიდებიან შავი ზღვის ამ კურორტს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიასთან არის დაკავშირებული.

დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში ფართოდ ვრცელდებოდა რუსული ჯარების და შეიარაღებული სამოქალაქო ჯგუფების მიერ, უკრაინული სამხედრო ბაზების ჭიშკრების შენგრევის და ჟურნალისტების მიმართ მუქარის ამსახველი მასალები.

ტურისტებმა დასავლეთიდან ყირიმში სტუმრობა რომ მოისურვონ კიდეც, მოსკოვის მიერ ამ ტერიტორიის ანექსიის შემდეგ, მოსკოვთან დაკავშირებულის გარდა, ყველა ავიარეისი გაუქმებულია.

ყირიმელი ტუროპერატორები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ მათი ბიზნესი შეიძლება დაზარალდეს, თუმცა შეიძლება ეს ზარალი გაზრდილმა რუსულმა ტურიზმმა გარკვეულწილად შეამსუბუქოს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გასულ კვირას ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რასაც მოსკოვი კანონიერ ანექსიას უწოდებს, ყირიმში რუსულ საპასპორტო კონტროლზე გადასვლა არ დასრულებულა.

სიმფეროპოლის აეროპორტის თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯერ ისევ ძველი სავიზო წესების მიხედვით მუშაობენ და არ იციან რუსულ, სავარაუდოდ უფრო მკაცრ კონტროლზე, როდის გადაერთვებიან.

შესაძლოა რუსული სავიზო შეზღუდვები დაწესდეს იქ, სადაც ადრე არ არსებობდა. კონკრეტულად ეს ეხება დასავლელ ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინაში ტურისტული ვიზებით მუშაობდნენ.

საყოველთაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, თუ რა ელით ყირიმის იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის მოქალაქეობა.

მოსკოვის მიერ ზურგგამაგრებული ყირიმის ლიდერების მიერ 16 მარტს ჩატარებული საკამათო რეფერენდუმის მიხედვით, ხმის მიმცემთა 97 პროცენტს რუსეთის ნაწილად გადაქცევა სურდა. სხვა შეფასებით უკრაინული პასპორტის შენარჩუნება შესაძლოა მოსახლეობის 20 პროცენტს სურდეს.

რუსეთი უკვე არიგებს თავის პასპორტებს და ყირიმელებს ერთი თვის ვადა მისცა იმის გადასაწყვეტად, სურთ თუ არა უკრაინის მოქალაქეობის შენარჩუნება.

ყირიმის ლიდერები ამბობენ, რომ ვინც უკრაინის მოქალაქეობაში დარჩენას გადაწყვეტს, მათ რუსეთის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამიდან გამორიცხავენ. თუმცა არ განუმარტავთ, მათ იურიდიულ სტატუსს და სხვა უფლებებს რა ბედი ეწევა. ასეთი გაურკვევლობა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ შესაძლოა ყირიმში მცხოვრებ უკრაინელებს, საკუთარ სახლებში დასარჩენად ვიზის აღება აიძულონ.

რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის საპასუხოდ, უკრაინამ ორმაგი მოქალაქეობა უკანონოდ გამოაცხადა და რუსი ვიზიტორებისთვის ვიზის მოთხოვნა შემოიღო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

თუ მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთში დამატებითი ტერიტორიის დაპყრობას შეეცდება, სადაც პრო-რუსული ჯგუფები რეფერენდუმების გამართვას მოითხოვენ რუსეთთან შეერთების მიზნით და საზღვართან რუსული ჯარებია კონცენტრირებული, ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს და კიევმა შესაძლოა ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზები გადაკეტოს.

უკრაინა ყირიმს წყლის და ელექტროენერგიის უმეტეს წილს აწვდის და ეს შეიძლება მოსკოვის ახალი ნადავლის შესამცირებელ ბერკეტად გამოიყენოს.

სიმფეროპოლმა კვირას უკვე განიცადა ელექტროენერგიის გათიშვები. ყირიმის პრო-რუსმა პრემიერ მინისტრმა სერგეი აქსიონოვმა საკუთარ „თვითერის“ მეშვეობით თქვა, რომ ელექტროენერგიის ნაწილობრივი გათიშვა იალტაში, ქერჩში და ფეოდოსიაშიც მოხდა. მან ხალხს მოუწოდა „ამის მიზეზებში გაერკვნენ“.
XS
SM
MD
LG