ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში პანდემიის მონაცემები გაუმჯობესების გზაზეა


კვირას, ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ით ახალი ინფიცირების რეკორდულად დაბალი შემთხვევები დაფიქსირდა. ერთ დღეში 32 340 ინფიცირების შემთხვევის აღრიცხვა, მართლაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ორი თვის განმავლობაში. ახლადინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო ორ კვირაში 21%-ით იკლო.

როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, პანდემიის ტენდენციების განსაზღვრისთვის ეს მხოლოდ საწყისი მონაცემებია და თუ სხვა მონაცემებთან ერთობლიობაში არ შეჯერდა, შეიძლება შეცდომაში შემყვანიც კი იყოს. მითუმეტეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 25 აგვისტოს ისევ გაიზარდა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის* ანგარიშით, დღეში 38 045 შეადგინა. 25 აგვისტოს ინფიცირების ზრდა ყველაზე მაღალი იყო 5 შტატში: კალიფორნია (+6 281); ტეხასი (+4 277); ჯორჯია (+2 304); ფლორიდა (+2 258) და ინდიანა (+1 660).

ინფიცირების დღიური მაჩვენებელი აშშ-ში. წყარო: "როიტერი"
ინფიცირების დღიური მაჩვენებელი აშშ-ში. წყარო: "როიტერი"

აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ბოლო დღის მანძილზე შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 450 ფაქტი დაფიქსირდა. სიკვდილობის მონაცემმა ბოლო თვეში პიკს 19 აგვისტოს მიაღწია, როცა გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 1 369 შეადგინა.

ოპონენტები მიუთითებენ ტესტირებების შემცირების ფაქტორზე, რაც დადებითი პასუხების სიმცირეზეც აისახება. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ კლება სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მონაცემების მიმართულებებითაც ხდება. კერძოდ: იკლო აღებულ ტესტებში დადებითი პასუხების პროცენტულობამ. მაგალითად, თუ ივლისის მეორე ნახევარში დადებითობა საშუალოდ 8.5 პროცენტს შეადგენდა, ბოლო ერთ კვირაში 6.2%-მდე დაეცა. კლების ტენდენცია ასევე შეინიშნება ჰოსპიტალიზაციის მიმართულებით. პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვმა დაახლოებით ერთი მესამედით იკლო. ამასთან, ჰოსპიტალიზაციის მხრივ, კლება სტაბილურადაა შენარჩუნებული ბოლო 4 კვირის მანძილზე.

„ახლანდელი გეგმა - ნიღბების ტარება, დისტანციის კონტროლი, ხელების დაბანა, შტატის გეგმით განსაზღვრულ გონივრულ ტესტირებასთან კომბინაციაში, ტესტების ზრდასთან, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ექსტრემალურ ტექნიკურ დახმარებასთან და ჩვენი გუნდის მუშაობასთან ერთად, შედეგების დადებას აგრძელებს“ - განაცხადა ადმირალმა ბრეტ ჯერომ, ჯანდაცვის მდივნის მოადგილემ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ტესტებში დადებითი პასუხების პროცენტულობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.
ტესტებში დადებითი პასუხების პროცენტულობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, სიტუაცია ამერიკაში კვლავ მყიფეა და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ჯერ ერთი, გასათვალისწინებელია სეზონური ვირუსული გრიპების საფრთხე და მეორე: ცალკე აღებულ რამდენიმე შტატში, თუ ქვეყნის საერთო მონაცემებით არ დაბალანსდა, ინფიცირების შემთხვევები ჯერ კიდევ აღმავლობის გზაზეა. თუ 31 შტატში ბოლო კვირის მანძილზე ინფიცირება 5 პროცენტით დაეცა, მინიმუმ 10 შტატში ზრდა სულ ცოტა, ამდენივეს შეადგენს.

და კიდევ ერთი „მაგრამ“: თუ ერთმანეთს შევადარებთ თვეებს და არა კვირებს, მაშინ დინამიკა მაინც დადებითი გამოდის. ტეხასის შტატის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ბოლო თვეებში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული იყო, ივლისთან შედარებით, ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია და 10 400-დან 5 500-ზეა ჩამოსული. ადგილობრივი ჯანდაცვის მესვეურები ამ ფაქტს შტატში გამკაცრებული რეგულაციებით ხსნიან, განსაკუთრებით - გუბერნატორ გრეგ აბოტის მიერ 2 ივლისს შემოღებული ნიღბების სავალდებულო ტარების წესით.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა ფლორიდაში და არიზონაში, ასევე კრიტიკულ შტატებში. ფლორიდაში იყო დრო, როცა მაგალითად 22 ივლისს, ერთ დღეში ინფიცირების 11 100 შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინდელს შემდეგ კი მატებამ, როგორც ზევით ითქვა, 2 258 შეადგინა. არიზონაში ბოლო კვირაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 650 იყო, მაშინ როცა ივლისის შუა რიცხვებში 2 700-ს აღემატებოდა. ამ შტატებშიც დადებით ტენდენციას შენობებში ნიღბების ტარებას და ბარებში ალკოჰოლის შეზღუდვას მიაწერენ.

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემი, ესაა სიკვდილობის მაჩვენებელი. ბოლო ორი თვის მანძილზე, პიკი 31 ივლისს დაფიქსირდა, როცა ამერიკაში კოვიდ-19-ით 1 458 ადამიანი გარდაიცვალა. ორი დღით ადრე, ეს მონაცემი ოდნავ ნაკლები, 1 435 იყო. პიკის შემდეგ, სტაბილური კლების ტენდენცია სახეზეა. დღეს ვითარება ასეთია: 450 ადამიანი გარდაიცვალა 25 აგვისტოს, წინა დღით -488, იმის წინ -454.

სიკვდილობის დღიური მაჩვენებელი აშშ-ში. წყარო: "როიტერი".
სიკვდილობის დღიური მაჩვენებელი აშშ-ში. წყარო: "როიტერი".

„მე და თქვენ ინფიცირების შემთხვევების კლების მოწმე გავხდებით. შემდეგ, ამ და მომავალ კვირაში, იმედია სიკვდილობის მონაცემების რეალურად კლებაშიც დავრწმუნდებით“ - უთხრა რობერტ რედფილდმა, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ინტერვიუში „ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის“ წარმომადგენელს, ექიმ ჰოვარდ ბუშნერს.

სიკვდილობის მონაცემის როგორც მატება, ისე კლება, როგორც წესი, პანდემიის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებლებზე ყველაზე გვიან აისახება. ჯერ, ყველაზე ადრე, შექმნილ ვითარებას და ტენდენციებს ინფიცირების მაჩვენებლები ასახავს, შემდეგ მოდის ჰოსპიტალიზაცია და ბოლოს სიკვდილობა.

_____

* სტატიაში ანალიზი ძირითადად ეყრდნობა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურსების ცენტრის მონაცემებს. მასალაში ასევე გამოყენებულია სააგენტო „როიტერის“ გრაფები.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG