ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უფრო დიდი მკვლელი ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი" - გამყრელიძე კოვიდ19-ზე საუბრობს


ამირან გამყრელიძე/ "რადიო თავისუფლების" ფოტო
ამირან გამყრელიძე/ "რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდ19-ის შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება. თუ გაზაფხულზე და ზაფხულში დღიური რაოდებობა 30-დან 40-მდე მერყეობდა, ახლა ქვეყანაში დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება ითქვას ასობით არის. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ19 680 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა 7 ადამიანი, ხოლო სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 109-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირებულთა სრულ რაოდენობას ის დაახლოებით 14 000-ია. მათგან 7 195 ადამიანი კოვიდ19-ისგან განიკურნა.

მზარდ მონაცემებზე დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ისაუბრა და თქვა, რომ კოვიდ19 გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ტუბერკულოზი, შიდსი, მალარია და ჰეპატიტია. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პირბადე მხოლოდ დახურულ სივრცეებში არ უნდა გამოიყენონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მაშინ, როცა დისტანცია არ არის დაცული მოქალაქეებს შორის და ეს ვერ ხერხდება, აუცილებელია პირბადის ტარება თუნდაც ღია სივრცეებში.

"ის იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ვიდრე არის ტუბერკულოზი, ვიდრე არის მალარია, ვიდრე არის ჰეპატიტი. ეს არის ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელები. კორონა გადაასწრებს მათ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძემ კვლავ აღნიშნა, რომ დაუშვებელია დიდი ქორწილები, ქელეხები და სხვა შეკრებები, რადგან ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოში ყველა გავრცელების წყარო იწყებოდა სწორედ ასეთი შეკრებებიდან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG