ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსაბჭოს რეზოლუციის გამოხმაურებები


ერთი თვალის შევლებითაც ნათელია, რომ ყოფილი მმართველი გუნდი, ახლა კი ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ამჟამინდელ ხელისუფლებას დასავლელ კოლეგებთან მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ამყოფებს იმის გამო, რომ არ ერიდება თამამად გამოთქვას კრიტიკული მოსაზრებები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და უფრო მეტიც, მოითხოვოს ამ შემთხვევებიდან გამომდინარე დასავლეთი იყოს მკაცრი შემფასებელი ამჟამინდელი ხელისუფლების. უკანასკნელ ინციდენტს ადგილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მოითხოვა ჩანაწერში ასახულიყო უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში არსებული ინციდენტები, რაც უფლებების შელახვას ეხება. ევროპის საბჭომ გაითვალისწინა ნაციონალური მოძრაობის მოსაზრება და კენჭი უყარა ვარიანტს, რომელშიც რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად საქართველოცაა გაკრიტიკებული უფლებადარღვევების გამო.

„საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში, რომ საქართველოში შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდგომ.
ეკა ბესელია

ქართული ოცნების წარმომადგენელი ეკა ბესელია, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა და ასამბლეას ესწრებოდა, ამბობს: „საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში, რომ საქართველოში შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდგომ. მე ვფიქრობ, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება ჩიორა თაქთაქიშვილის და მისი გუნდის მიერ, როდესაც მიუხედავად ამ პოზიტიური შეფასებებისა, მიუხედავად საქართველოსთან მიმართ ძალიან კარგი ანგარიშისა, რაც იყო ჩანაწერში, მან მოითხოვა დამატება, რომ საქართველოც პერსონალურად ყოფილიყო დამატებული სხვა ქვეყნებს შორის. საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა ამ რეზოლუციას და საკმაოდ ბევრმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი ამ შესწორებას, რომელიც ბოლოს მოითხოვა ნაციონალურმა მოძრაობამ.“

თავად კრიტიკული ტექსტის ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ თავდასხმები, რასაც ადგილი აქვს ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მიმართ, უნდა აილაგმოს. „საქართველოში უარესდება მდგომარეობა დემოკრატიული თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გახდნენ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის თავდასხმის მსხვერპლი. ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, როგორც დავალება, რომ შეცვალოს დღეს არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ,“- ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

საქართველოში უარესდება მდგომარეობა დემოკრატიული თვალსაზრისით
ჩიორა თაქთაქიშვილი

ამერიკის ხმა ნაციონალური მოძრაობის წევრს გოკა გაბაშვილს ესაუბრა და სთხოვა მოსაზრების დაფიქსირება იმის თაობაზე, თუ რამდენად ზიანდება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მაშინ, როდესაც ოპოზიცია მას ისეთ ინსტიტუციაში აკრიტიკებს, როგორიც ევროპის საბჭოა. „საბჭოთა კავშირში ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელობის, ხელისუფლების მიდგომას, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირის კრიტიკა იმ პრობლემებზე, რაც არსებობდა ტოტალიტარულ ქვეყანაში: კრიტიკა დემოკრატიაზე, კრიტიკა ადამიანის უფლებებზე და სხვა, იყო საკუთარი ქვეყნისთვის ჩირქის მოცხების ტოლფასი. ხელისუფლების კრიტიკა არაა ქვეყნის კრიტიკა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ დასავლეთში ჩვენი მეგობრები და აკრიტიკებენ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი. არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც პოლიტიკური ოპოზიცია, არც მედია, რომელიც საუბრობს პრობლმებებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ერჩის არა ქვეყანას, არამედ უნდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და შესაბამისად, განიხილავს ამ პრობლემებს საერთაშორისო დონეზე“,- აცხადებს გოკა გაბაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროპარლამენტი ამზადებდა რეზოლუციას საქართველოს შესახებ, ჩვენთან საუბრისას მმართველი გუნდის წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: „ევროპის სახალხო პარტია, ნამდვილად ყველაფერს ითვალისწინებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა უზიარებს. EPP ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არ არის გულწრფელი და არ არის ობიექტური“.

ევროსაბჭომ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული რეზოლუცია 38 ხმით 28-ის წინააღმდეგ მიიღო.

XS
SM
MD
LG