ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის მსხვერპლი ერთ დღეში ისევ 100-მდე ადამიანით გაიზარდა


წითელი ჯვრის საავადმყოფო ვუჰანში, ჩინეთი
წითელი ჯვრის საავადმყოფო ვუჰანში, ჩინეთი

ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური წყაროების მიხედვით, ორშაბათის შემდეგ, კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რიცხვი 1 900-ს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 72 000-ს გასცდა. ეს ნიშნავს, რომ ერთ დღეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 98-ით, ინფიცირების შემთხვევები კი 1 886-ით გაიზარდა.

სახელმწიფო მედია იუწყება, რომ გარდაცვლილთა შორისაა ჩინეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი ლუ ჟიმინგი, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ. საავადმყოფო ვუჰანში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქში მდებარეობს, ვირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჩინეთის ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსით ახლად ინფიცირების შემთხვევებში კლება შეინიშნება. თუმცა, ამ ტენდენციის "ინტერპრეტაცია ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს" - ამბობს გებრეიესუსი.

ინფექციის აფეთქებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი "ძალიან სერიოზულს" უწოდებს, რომელსაც "ზრდის პოტენციალი" აქვს, მაგრამ მთავარია, რომ მისი ლოკალიზაცია ძირითადად ჰუბეის პროვინციაში მოხერხდა. ამას გარდა, გებრეიესუსის თქმით, პაციენტების 80%-ზე მეტს დაავადება იოლად გადააქვს და განიკურნება.

კვირას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მივლენილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში პირველად ჩავიდა. ჩინელ კოლეგებთან ერთად, ერთობლივი კომისია ვირუსის გავრცელებას, მისგან გამოწვეული დაავადების სიმწვავეს და ადგილზე მიღებულ ზომებს შეისწავლის.

ჩინეთის გარეთ აღრიცხული 794 შემთხვევიდან, 542 ადამიანი საკრუისო ლაინერზე დაავადდა, რომელიც 5 თებერვლის შემდეგ იაპონიის პორტში დგას. გუშინდლიდან მათ რიცხვს 88 პაციენტი შეემატა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG