ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ახალი კონგრესი


წარმომადგენლობითი პალატა - რესპუბლიკელებს, სენატი - დემოკრატებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამას ხელახალ არჩევასთან ერთად, დემოკრატებმა სენატზეც შეინარჩუნეს კონტროლი. თავის მხრივ, რესპუბლიკელები კვლავ ფლობენ უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, მაიკლ ბომანი არკვევდა.

მასაჩუსეტის შტატში დემოკრატებმა კვლავ დაიბრუნეს სენატორის პოსტი, მას შემდეგ, რაც 2009 წელს სენატორი ედვარდ კენედი გარდაიცვალა. ამჟამად, გამარჯვების შემდგომ სიტყვაში, ახალმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა პირობა დადო, რომ მოხუცებს სოციალური დანახარჯების შეკვეცა არ დაემუქრებათ, რასაც რესპუბლიკელები აცხადებდნენ:

„გპირდებით ყველა ხანდაზმულს, ვინც დაიმსახურა პენსია და სოციალური უსაფრთხოება, გარწმუნებთ, რომ თქვენი სამედიცინო დაზღვევა და სოციალური შეღავათები დაცული იქნება და ამაში მილიონრები და მილიარდერები გადაიხდიან გადასახადებს.“

მისი ოპონენტი, სენატორი სკოტ ბრაუნი დამარცხებას მშვიდად შეხვდა.

„ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ პოლიტიკაში ადამიანს არაფერი ესაქმება, თუკი არ დააფასებს ადამიანთა გადაწყვეტილებას და თუკი კენჭს იყრით თანამდებობაზე, უნდა შეძლოთ დამარცხებასთან შეგუება,“ - განაცხადა ბრაუნმა.

მასაჩუსეტის გარდა დემოკრატებმა კიდევ ბევრ შტატში მოიპოვეს წარმატება. ვისკონსინში გამარჯვება დემოკრატმა, ტამი ბოლდვინმა მოიპოვა, რომელიც სენატში არჩეული სექსუალური უმცირესობის პირველი წარმომადგენელი იქნება.
ასევე, ინდიანაში გაიმარჯვა დემოკრატმა ჯო დონელიმ. ამ შტატიდან სენატში რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი იყო არჩეული. დონელიმ თავის საქმიანობაში ორპარტიული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ეს არ არის პოლიტიკა. ეს არ არის ან ერთი ან მეორე პარტიის საქმე. მე ვაპირებ როგორც სენატორმა ვიზრუნო თქვენს ოჯახებზე. მე თქვენ დამიქირავეთ და მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს შესრულებას,“ - განაცხადა დონელიმ.

მისი მეტოქე რიჩარდ მორდოკი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა აბორტების შესახებ გაკეთებული განცხადებით, სადაც მან ტერმინი „ღვთის ნება" გამოიყენა. გუშინდელ გამოსვლაში, მორდოკმა ამის გამო ბოდიში არ მოიხადა.

რესპუბლიკელები კონტროლს ინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატაში. პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები გააგრძელებენ თავინთი პროცესის ერთგულებას.

„ორი წლის განმავლობაში, წარმომადგენელთა პალატაში ჩვენი უმრავლესობა ამერიკელ ხალხს იცავდა სამთავრობო დანახარჯების და დიდი გადასახადების წინააღმდეგ ბრძოლაში, დღეს ამერიკელმა ხალხმა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობას კვლავ დაუჭირა მხარი,“ - განაცხადა ბეინერმა.

კონგრესის ახალი შემადგენლობა და ხელახლა არჩეული პრეზიდენტი თანამშრომლობის და კომპრომისის ახალ შანსებს აჩენს. რესპუბლიკელმა სენატორმა ტეხასიდან, ჯონ კორნინმა ახალ პერიოდი „ანარეკლის და რეკალიბრაციის“ ეპოქად შეაფასა და დასძინა, რომ უამრავი საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG