ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი რეცესიის საშიშროება ამერიკაში


ხაზინის დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ დეფოლტმა შეიძლება გაყინოს საკრედიტო ბაზრები, გააუფასუროს დოლარი, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები

ხუთი წლის წინ, დიდი რეცესიის დასაწყისში, ინვესტორები გამალებით ყიდიდნენ თავის აქციებს, რამაც აქციების ფასების ვარდნა გამოიწვია.

დღეს პენსიონერები და ინვესტორები, როგორიცაა პაქსტონ ბეიკერი, იმედოვნებენ თავიდან აიცილონ კიდევ ერთი დარტყმა, თუ მთავრობა თავის ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.

„მე პენსიაზე ფედერალური სამსახურიდან გავედი. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი მთავრობაზეა დამოკიდებული, და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ალბათ შემდეგ თვეს თანხის გარეშე დავრჩები.“

ბეიკერი საინვესტიციო კლუბის წევრია. ის და მისი კოლეგები გეგმავენ აქციებში ხანგრძლივი დაბანდებით გაურკვევლობა გადალახონ.

„მიმდინარე მოვლენები ინვესტიციებზე ნამდვილად მოახდენს გავლენას, მაგრამ ვფიქრობ, მთლიანობაში აქციები დაბანდების საუკეთესო ადგილია.“

შეილა ჩიკი „ედვარდ ჯონს ინვესტმენტის“ მრჩეველია. ის თავის კლიენტებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ ხანგრძლივ ინვესტიციებს.

„ამას შეიძლება დრო დასჭირდეს ან უეცარი გამოსავალი იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხანგრძლივი ინვესტიციის მიზნად დასახვა დაგეხმარებათ შეარბილოთ ხანმოკლე პროცესების არამდგრადობა.“

ხაზინის დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ დეფოლტმა შეიძლება გაყინოს საკრედიტო ბაზრები, გააუფასუროს დოლარი, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები და შესაძლოა გამოიწვიოს ახალი რეცესია.

ეკონომისტ სტან კოლენდერის მიხედვით, ამან შეიძლება შეერთებული შტატებიდან საერთაშორისო ინვესტორების გადინება გამოიწვიოს.

„მათ მხოლოდ ის იციან, რომ ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის კლდესავით მყარი საფუძველი, როგორც ჩანს რყევას განიცდის. ეს ნდობას ასუსტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი ფულის დროულად დაბრუნებასაც მოელიან, მათ შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს ყველაფერი რისკის გაწევად არ ღირს.“
უბედურების თავიდან ასაცილებლად, კონგრესი უნდა დათანხმდეს ქვეყნის ვალის ზედა ზღვრის აწევას. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი და და სხვა რესპუბლიკელები დემოკრატებისგან ჯერ დათმობებს მოითხოვენ მთავრობის ხარჯვით ნაწილთან და ჯანდაცვის კანონთან მიმართებაში.

„მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალის გამო დეფოლტი უნდა გამოვაცხადოთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაა. მაგრამ 55 წლის განმავლობაში შემოსავალზე მეტი ხარჯვის შემდეგ რაღაც უნდა გაკეთდეს.“ - ამბობს ბეინერი.

პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ ის ამ შესაძლებლობას არც განიხილავს.

„ამაზე მოლაპარაკებები არ შედგება. ამერიკელი ხალხი არ არის პაიკი რაღაც პოლიტიკურ თამაშში.“

ჯოზეფ მინარიკი ეკონომიკური განვითარების კომიტეტიდან ამბობს, რომ დეფოლტისგან მიყენებული ზიანი დიდხანს გასტანს.

„უფრო მოსალოდნელია, რომ ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში როგორი პატივისცემით აღიქვამენ კრედიტორები შეერთებული შტატების ხაზინას. ერთხელ დაკარგული ნდობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება.“

მინარიკი და სხვები ქვეყნის ლიდერებს დაჟინებით მოუწოდებენ, რომ კრიზისი თავიდან აიცილონ.

ამასობაში პაქსტონ ბეიკერი და მისი კოლეგა ინვესტორები მუშაობენ იმაზე, რომ დაიცვან საკუთარი ქონება, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მათ დააღალატებს.
XS
SM
MD
LG