ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფლავთა სადარდებელი კონფლიქტის ზონაში


დევნილები გორთან

დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს, როგორიც, მაგალითად, აღდგომაა ქრისტიანებისთვის, მუდმივად თავს იჩენს პრობლემა კონფლიქტის ზონებში, რაც საფლავების მონახულების საკითხს უკავშირდება. როგორც წესი, რუსი მესაზღვრეები ზღუდავენ ამ პერიოდში გადაადგილებას გამშვები პუნქტებიდან. ამჯერად, სააღდგომოდ, მსგავსი შეზღუდვა ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციას არ დაუწესებია. „ალანია ინფორმი“ იუწყება, რომ „სასაზღვრო ზონებზე გადაადგილებითვის სპეციალური ნებართვა საჭირო არ იქნება“.

ამერიკის ხმა ახალგორში მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს: „თითქმის ერთი კვირაა მგზავრებს და ბარგს ამოწმებენ ახალგორის გამშვებ პუნქტზე ძალიან დაწვრილებით, რამაც ძალიან დიდი რიგები შექმნა. იმედია, ახალგორში სააღდგომოდ ხალხი გამოჩნდება და ისეთი სიცარიელე არ იქნება, როგორიც ახლაა“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში ორიოდე კვირის წინ გაიმართა, რომელზეც საკითხი სააღდგომოდ საფლავების მონახულების შესახებ დაისვა. ამერიკის ხმასთან საუბრისას გელა ზოზიაშვილი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის ექსპერტი, რომელიც ერგნეთის შეხვედრების მონაწილეა, ამბობს: „შეხვედრაზე ერგნეთში სააღდგომოდ საფლავებზე გასვლის საკითხი, რა თქმა უნდა დაისვა. თუმცა შეთანხმება მიღწეული არაა. მავთულხლართებს მიღმა და პირობითი საზღვრის მიღმა არსებული საფლავების მონახულებაზე ნებართვა არც რუსულ მხარეს გაუცია და არც ოსურს. მათ თქვეს, რომ თვითნებობა ამ მიმართულებით ჩაითვლება, როგორც საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ასეთ მოქალაქეებს დააკავებენ“.

გერმანიის ომი დამთავრდა 5 წელიწადში, იმას დაადგა საშველი და ჩვენ ვერ უნდა გვეშველოს ვერაფერი? აქვეა ეს ჩვენი საფლავები, ცოდონი ვართ.
დევნილი კონფლიქტის ზონიდან

ოჯახის წევრების საფლავებთან წვდომის შესაძლებლობა კვლავ არ ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა ნათესავებიც დაკრძალულნი მავთულხლართებს ან პირობით საზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ. მხოლოდ გუგუტიანთკარში ამგვარ ვითარებაში 15 ოჯახია. მათ შორისაა შამილ თუხარელი, რომელიც ამერიკის ხმასთან ამბობს: „გუგუტიანთკარელების სასაფლაო სოფლიდან 500 მეტრშია, აქედან ჩანს, მაგრამ იქამდე ვერ მივდივართ. იქაა დაკრძალული მამაჩემი, ჩემი ძმა, ბებია, ბიძა. 2008 წლის შემდეგ, იქ არ ვყოფილვართ. მხოლოდ შარშან თუ შარშანწინ ასეთი რამ მოხდა: წინასწარ გეტყვით, ვიცი, რომ არ შეიძლება გადასვლა, გაფრთხილებულიც ვარ, მაგრამ იყო მომენტი და მე, ჩემი შვილი და ძმის შვილი გავიპარეთ და წავედით სასაფლაოზე, შენდობის სათქმელად. მთელი დღე იქ ვიყავით, შეიძლება დაგვინახეს კიდეც და შეგნებულად, თვალი დახუჭეს, ან არც დაგვინახეს, არ ვიცი, ჩვენ ხომ ზარ–ზეიმით არ წავსულვართ, ჩუმად გავიპარეთ, ფეხით. ტყეშია, 500 მეტრი აშორებს ამ სასაფლოს მათი ბაზებისგან. ისე, ვერ ახვალ, აკრძალულია, გადახვალ, დაგიჭერენ, სასაფლაოზე რომ წახვალ, რა თქმა უნდა, დაგაკავებენ. ისე, სასაფლაო ხელუხლებელია, გაუძარცვავი. სიმდიდრე იქ არაფერია, რა თქმა უნდა, მარტო ალუმინია, რკინაა, ქვებია, მაგრამ თითი არაფერზე იყო დადებული. ვინც ზარდიაანთკარის მხარეს ცხოვრობენ, ოსები და ქართული პასპორტები აქვთ, ახერხებენ ცხინვალისკენ გადასვლას და უკან დაბრუნებას, მაგრამ ის ოსები, ვისაც ჩვენს მხარეს ჰყავდათ მიცვალებულები, მაგრამ 2008–ის მერე იქით მოხვდნენ და იქით ცხოვრობენ, სულ 200 მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზეა საუბარი, ვეღარ გადმოდიან. თუ მოინდომებენ გამოსვლას, თვითონ რუსები არ გამოუშვებენ. როგორც ჩვენი მიცვალებულები დარჩნენ იქით მხარეს, ისე ოსების დარჩნენ აქეთ, მაშინდელი, ომამდე დაკრძალულები, რა თქმა უნდა. რავიცი, გერმანიის ომი დამთავრდა 5 წელიწადში, იმას დაადგა საშველი და ჩვენ ვერ უნდა გვეშველოს ვერაფერი? აქვეა ეს ჩვენი საფლავები, ცოდონი ვართ.“

ამჯერად, წინასააღდგომოდ ვითარება კონფლიქტის ზონაში ამგვარია: გადაადგილება ახალგორის გამშვები პუნქტიდან ნებადართულია მხოლოდ რუსული ან ოსური პასპორტებით. მაგრამ რუსი მესაზღვრეები კვლავ ჩვეულებრისამებრ დააკავებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც პირობითი საზღვრის ან მავთულხლართის მიღმა გაბედავს და ოჯახის წევრების საფლავზე წითელი კვერცხის მიტანას გადაწყვეტს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG