ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი: საქართველომ საკუთარი დემოკრატია თვითონ უნდა ააშენოს


შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს. ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

„ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პირველ დიპლომატს შეკითხვა „ამერიკის ხმამ“ დაუსვა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, კონდოლიზა რაისმა თქვა:

„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია.“

რუსეთზე საუბრისას, ის ორ პარალელურ მიდგომაზე საუბრობს და ამბობს, რომ „პირველ რიგში უნდა განისაზღვროს სად უნდა მოხდეს პუტინის შეკავება. "ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და მათი უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, თუ რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მე მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატოში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან.“

მეორე საკითხი, რომელზეც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა, რუსი ხალხის მზარდი უკმაყოფილებაა, რისი დასტურიც ხაბაროვსკში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციებია. რაისი აცხადებს, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს. „რუსი ხალხის მიმართ მეტად ნიუანსური [მიდგომა] და მათი წახალისება გვჭირდება, ვისაც სხვანაირი რუსეთის ხილვა სურს“ თქვა მან.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ შეიძლება საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ. „იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად] რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა.“

კონდოლიზა რაისს, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტ ბუშის დავალებით და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, ის თბილისს 2008 წლის 15 აგვისტოს ეწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG