ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში


ფონდი "თამარიანის" საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში გუშინ გაიმართა. ეს ფონდი ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ტენორმა ბექა გოგინაშვილმა დააარსა. საღამოზე შეგროვილი თანხა, რომელიც ქართველმა იმიგრანტემა გაიღეს, საქართველოში მცხოვრებ უაღრესად შეჭირვებულ ოჯახებს და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს გადაეცემა.

ნიუ-იორკის მართლამდიდებლურ ტაძარში ქართული ხმები კვირას, საქართველოში მცხოვრები ადამიანების დახმარების მიზნით აჟღერდა. საქველმოქმედო ფონდი " თამარიანი" ამერიკაში ერთი წლის ჩამოსულმა ტენორმა ბექა გოგინაშვილმა, როგორც თავად ამბობს, გაჭირვებულთა შორის უფრო გაჭირვებულთა დახმარების მიზნით შექმნა.

ბექა გოგინაშვილი: მაგალითად, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში არის შვიდ-სულიანი ოჯახი, რომელსაც ძალიან უჭირს. ასევე მამაკაცი, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა და სამ არასრულწლოვანს ზრდის. მათ ელემენტარული შეშის ფული სჭირდებათ და მათთვის შეშის შეძენა გვინდოდა, 24 იანვარის კონცერტზე რომელიც დიდთოვლობის გამო ჩაიშალა. ბევრი გაჭირვებულია საქართველოში, მაგრამ ჩვენ მათ შორის უკიდურესად გაჭირვებულებს ვეძებთ. ასე ვადგენთ მათ სიას, ვისაც უნდა დავეხმაროთ.

არიები ოპერებიდან ბექა გოგინაშვილმა და ანა კოლხიდამ შეასრულეს. საქართველოში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების თანადგომის მიზნით ღონისძიებაში ნიუ-იორკის ქართულმა ტრიომ "მაგნოლიამ" და "ზეკარმაც" მიიღეს მონაწილეობა. ანსამბლი "ზეკარი" "დენსინგ ქრეინ სტუდიოს" დაამარსებელმა, ამერიკელმა ვიქტორ სირელსონმა შექმნა, რომელიც 1999 წლიდან ამერიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

ვიქტორ სირელსონი: ბექა გოგინაშვილი "ზეკარშიც" მღერის. ახლა ყველაზე კარგი გუნდი შეიკრა, ისე 1999 წლიდან ვარსებობთ. დღეს ხუთ ქართულ სიმღერას ვასრულებთ.

ილია ათანელიშვილი "ზეკარის" წევრი ": გვინდა, რომ ამერიკაში ქართული სული გავაღვივოთ და არ დავავიწყოთ ქართველებს.

მარიამ არაგვისპირელი: ხშირად უნდა იყოს ასეთი კონცერტები. არამარტო საქველმოქმედო, ქართული კულტურის ხელშეწყობის მიზნით. რადგან საზღვარგარეთ ყველამ უკეთ გაიცნოს ქართული კულტურა. მე 17 წელიწადია აქ ვიმყოფები. ადრე უფრო ხშირად იმართებოდა კონცერტები, კარგი იქნება, თუ უფრო ვიაქტიურებთ.

"თამარიანის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტზე 700 დოლარი შეგროვდა. ეს თანხა ფონდის მიერ წინასწარ შერჩეული ოჯახების ელემენტარული სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG