ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი გმობს ეგვიპტელი სამხედროების ქმედებას


კლინტონი-ეგვიპტეს სჭირდება დემოკრატიული პროცესის განვითარება, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს მკაცრად დაიცავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ეგვიპტის სამხედროები ვალდებული არიან პირობა შეასრულონ და საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულ კანდიდატს ხელისუფლება გადააბარონ. ქალბატონმა კლინტონმა ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც დღეს ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების გამოცხადება გადადო.

გუშინ ღამით ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტ ჩარლ როუზთან ინტერვიუში, ეგვიპტელი სამხედროების მიერ ბოლო ერთი კვირის მანძილზე განხორცილებული სამხედრო ოპერაციები დაგმო.

კლინტონის განცხადებით, ეგვიპტეს სჭირდება დემოკრატიული პროცესის განვითარება, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს მკაცრად დაიცავს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამხედროებმა უნდა შეასრულონ პირობა და კანონიერად არჩეულ კანდიდატს ხელისუფლება გადააბარონ. ჩვენ არჩევნებში გამარჯვებული ადამიანის ვინაობა არ ვიცით. თუმცა მივიჩნევთ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს.“

ეგვიპტის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა ხმების ზუსტი დათვლა და ყალბი ბიულეტენების ანულირება მეტ დროს მოითხოვს. ეგვიპტელმა მოსამართლეებმა არჩევნებზე დარღვევის 400 შემთხვევაც უნდა განიხილონ. ზუსტი დღე არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG