ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა არ შედგა


სააკაშვილი კლინტონს ჩხავერის ღვინოს აცნობს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, დღის 11 საათზე დაასრულა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი და ბათუმიდან ბაქოში გაფრინდა. ბათუმის აეროპორტიდან ამერიკელი სტუმარი თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააცილა.

წინა დღით, ოფიციალური ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყალში მდებარე „აჭარული ღვინის სახლში“ დასრულდა, რომელიც უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენების საკუთრებაა. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სახელმწიფო მდივანი აქ სავახშმოდ მიიპატიჟეს და ჩხავერის უნიკალური ღვინო დააგემოვნეს.

ოფიციალურ სადილზე ამერიკელი სტუმრის საპატივცემულოდ ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი უკრავდა. ერთი მუსიკალური კომპოზიცია ბინიათიშვილმა პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთადაც შეასრულა .მანამდე, სააკაშვილმა და კლინტონმა ერთი საათის განმავლობაში ბათუმის ბულვარში ფეხით ისეირნეს და პიაცაზე სპეციალურად ორგანიზებულ კონცერტს დაესწრნენ.

ჰილარი კლინტონის გაცილების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კერძოდ აღნიშნა

ემოციურად ძალიან დატვირთული ვიზიტი იყო. წინა ვიზიტისას დაგვპირდა რომ დაბრუნდებოდა საქართველოში, ახლა კიდევ თქვა - არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით, მაგრამ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებიო.

რაც შეეხება ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობას - საქართველოს და აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობა ნამდვილად გადადის სხვა ეტაპზე. აშშ, ისევე როგორც საქართველო შეშფოთებულია რუსეთის მცდელობით ჩაატაროს სტრატეგიული წვრთნები, რომელიც „შემთხვევით“ ემთხვევა ჩვენს არჩევნებს.

ვილაპარაკეთ იმაზე, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნება სასწრაფოდ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებლის გამოგზავნა, ეს დაპირება მივიღეთ.“

ქართული საზოგადოების იმ ნაწილის იმედები, რომელიც ჰილარი კლინტონისა და ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ელოდა არ გამართლდა. ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მმართველი პარტიის მიერ მართული ოპოზიციური ჯგუფების „მემარჯვენეებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებთან ერთად არ შეხვედროდა ჰილარი კლინტონს. პირისპირ შეხვედრაზე კი ამერიკული მხარე არ დათანხმდა.

რამდენად სწორი იყო ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მომავალში გამოჩნდება. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ამბობს თუ რა არის სინამდვილში ყველაზე მნიშვნელოვანი და რას ელოდებიან კოალიციაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან უპირველეს ყოვლისა

„ძალიან კარგად მახსოვს 2003 წლის ნოემბერი საქართველოში. ნოემრის დასაწყისიც და ნოემბრის ბოლოც და აშშ-ს როლი. ძალიან კარგად მახსოვს ცნობილი ამბები ბეიკერის ფორმულის შესახებ. ასევე კარგად მახსოვს 2008 წლის 6 იანვარიც.

ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ აშშ, ისევე როგორც ბრიუსელი, ბერლინი, ლონდონი, ყველა, ვენა, რაც მთავარია ამ შემთხვევაში, ანუ ეუთო და სადამკვირვებლო მისიები იყვნენ ქართველი ხალხის მხარეს. ეს არის ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ.“

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ამავე დროს ფრთხილი და მოზომილი იყო. ამავე მიზეზით ხსნის, პოლიტოლოგი ამერიკელთა გადაწყვეტილებას ცალკე არ შეხვედროდნენ ბიძინა ივანიშვილს.

გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ეს ტენდენცია აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს ეხება.

„ამ ანგარიშის გამოქვეყნება წინ უძღოდა ვიზიტს. ვიზიტის მიხედვით მე ვხედავ რომ არის ძალიან სერიოზული სტატისტიკა იმ დარღვევებისა, რომელიც 2011 წლის განმავლობაში იყო ამერიკელთა მიერ აღნიშნული, მაგრამ ამ დარღვევებს აქვს ცალკეული და სტატისტიკური მნიშვნელობა მინიჭებული ამ ანგარიშში და არა სისტემური.

მე მაგალითად მეჩვენება რომ ზოგიერთი დარღვევა იყო სისტემური და გამოხატავს უფლებებისა და თავისუფლებებისადმი ხელისუფლების მიდგომას. პოლიტიკას გამოხატავს. ანგარიშში ეს ნაკლებად ჩანს. ეს დარღვევები შეიძლება ხდებოდეს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში, ისე ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობის ფარგლებში, მაგრამ საბოლოოდ რას ადასტურებს ეს დარღვევები, ეს არის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერება თუ დემოკრატიის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები აი ამ დასკვნას ეს დოკუმენტი სამწუხაროდ არ იძლევა.

ეს არის იმის მანიშნებელი რომ აშშ საარჩევნო წელს მაინც ცდილობს რომ არ აჩვენოს ზედმეტი კრიტიკულობა და აჩვენოს ფრთხილი და მოზომილი დამოკიდებულება საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესებისადმი რომ არ გამოჩნდეს რომ ამერიკა რომელიღაცა მხარეს მხარს უჭერს.“

ჰილარი კლინტონმა საქართველო ევროპული ტურნეს ფარგლებში მოინახულა, რომელიც 31 მაისს დანიაში დაიწყო. შემდეგ კლინტონი ეწვია ნორვეგიისა და შვედეთის დედაქალაქებს.

4 ივნისს კლინტონი ერევანში იმყოფებოდა, 5 ივნისს ბათუმსა და ხელვაჩაურის რაიონში. დღეს კი სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩავიდა.

კლინტონის ევროპული ტურნე 8 ივნისს თურქეთის დედაქალაქში დასრულდება. სტამბოლში სახელმწიფო მდივანი ტერორიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG