ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის საქმეზე მხარეებმა არგუმენტაცია წარმოადგინეს


კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში

სამშაბათს, შეერთებული შტატების სენატში იმპიჩმენტის მოსმენების დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ორივე მხარემ საკუთარი არგუმენტაცია წარმოადგინა. დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლების შეთანხმების მიხედვით, იმპიჩმენტის სასამართლო პროცესი სენატში მომავალ კვირაში დაიწყება. ვაშინგტონში მოელიან, რომ იმპიჩმენტის მოსმენები დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

წარმომადგენელთა პალატის იმპიჩმენტის მენეჯერები ცდილობენ დაასაბუთონ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 6 იანვარს, ვაშინგტონში ძალადობრივი ამბოხი წაახალისა. მაშინ, როცა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თავმჯდომარეობით, კონგრესის გაერთიანებული სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრენენ.

სამართალდამცავებს ვიცე-პრეზიდენტის და კანონმდებლების ევაკუაცია მოუწიათ. 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. მოგვიანებით, ჩაშლილი სხდომა განახლდა და ფორმალური პროცესით, კანონმდებლებმა გამთენიისას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებზე გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.

იმპიჩმენტის მენეჯერების მიერ კაპიტოლიუმში იმპიჩმენტის მუხლის წარდგენის ფორმალური პროცესი
იმპიჩმენტის მენეჯერების მიერ კაპიტოლიუმში იმპიჩმენტის მუხლის წარდგენის ფორმალური პროცესი

ბრალდება

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა თვლის, რომ კაპიტოლიუმისკენ დაძვრის მოწოდებებით ყოფილმა პრეზიდენტმა ძალადობრივი ამბოხი წაახალისა, რათა სავარაუდოდ, მისი ოპონენტის გამარჯვების სერტიფიცირების პროცესი ჩაეშალა. "პრეზიდენტ ტრამპის საქციელი მიუღებლად უნდა გამოცხადდეს" - აცხადებენ ისინი. მენეჯერებმა სენატს 77-გვერდიანი დოკუმენტირებული ბრალდება წარუდგინეს.

ტრამპი 13 იანვარს, პოსტის დატოვებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. საბოლოო განაჩენს სენატი გამოიტანს. მართალია, პრეზიდენტის პოსტს ტრამპი ფიზიკურად ვეღარ დატოვებს, მაგრამ იმპიჩმენტის დამტკიცების შემთხვევაში, დამატებითი კენჭისყრა გაიმართება, რომლის საფუძველზეც მას შესაძლოა მომავალში საჯარო პოსტის დაკავება სამუდამოდ აეკრძალოს.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს და ფლორიდაში მიემგზავრება. 20 იანვარი, 2021.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს და ფლორიდაში მიემგზავრება. 20 იანვარი, 2021.

დაცვა

დონალდ ტრამპის ადვოკატები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავად პროცესის ლეგიტიმურობას, იმპიჩმენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ყოფილი პრეზიდენტის დაცვის გუნდი აცხადებს, რომ ამერიკის ისტორიაში ექსპრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პრეცედენტი არ არსებობს.

ამას გარდა, ადვოკატები იმეორებენ ტრამპის მიერ არაერთხელ გამეორებულ და დაუსაბუთებელ შეხედულებებს იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 3 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები "საეჭვოა". ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საჩივრები მასობრივი გაყალბების შესახებ, დაახლოებით 60-მა ფედერალურმა სასამართლომ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო განსახილველადაც კი არ მიიღო.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები დაცულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით. ამ შემთხვევაში იგულისხმება გამოხატვის თავისუფლება, თუმცა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება ადამიანის უფლებების გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, რომელთა შორისაა რწმენის, თუ შეკრების თავისუფლებაც.

სენატში იმპიჩმენტის მუხლის დოკუმენტის გადაცემის მომენტი
სენატში იმპიჩმენტის მუხლის დოკუმენტის გადაცემის მომენტი

პროგნოზი

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დამტკიცების შანსი დაბალია. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში დემოკრატები მინიმალურად, მაგრამ მაინც უმრავლესობაში არიან.

ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის დამტკიცებას სენატის ორი მესამედის ხმა დასჭირდება. 100 სენატორიდან 50 რესპუბლიკელია, რომელთა ძირითადი ნაწილი იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდის. გასულ კვირაში, 50-დან 45-მა რესპუბლიკელმა სენატორმა მიანიშნა, რომ სასამართლო პროცესს არაკონსტიტუციურად თვლიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG