ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სადამდეც გაგვწვდება ძალა, იქამდე ვიდგებით აქ“, – აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც უკვე მეორე დღეა პატრულირებას ახორციელებენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბერშუეთისა და ხურვალეთის მიმართულებით. პატრულირების ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციამ ბორდერიზაციის ახალი ტალღა დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა გადაწყვიტეს თავად იმორიგეონ ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს და დააფიქსირონ რუსი მესაზღვრეების კანონდარღვევები, რაც ადამიანთა გატაცებასა და საზღვრის დემარკაციაში გამოიხატება.

ინიციატივას სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები ახორციელებენ. აღნიშნული აქტივობის გასაგრძელებლად ისინი აპირებენ დაარეგისტრირონ ორგანიზაცია სახელწოდებით „ძალა ერთობაშია“. მისი ერთ–ერთი წარმომადგენელი, ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ამერიკის ხმასთან ამბობს: „ესაა სამოქალაქო ინიციატივა, რაც გულისხმობს კონფლიქტურ ზონაში სამოქალაქო პირების ყოფნას, დაკვირვებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებებზე, ჟურნალისტების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენებას და ოკუპანტებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას. ამის შესახებ დეტალები შსს–თან გავიარეთ. მაქსიმალურად უსაფრთხო ზონაში ვიმყოფებით ახლა. ვცდილობთ, რისკები არ გავზარდოთ, რადგან ისედაც ძალიან დაძაბული სიტუაციაა. “

დე–ფაქტო ადმინისტრაციას ქართული აქტივიზმი უყურადღებოდ არ დაუტოვია. ამის თაობაზე განცხადება სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა გააკეთა, რომელიც ამბობს: „პირველ რიგში, ეს და სხვა მსგავსი ქართული აქციები იმის მიმანიშნებელია, რომ აქციის ორგანიზატორები აღიარებენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობის რეალობას. სხვა საქმეა, რომ მათ არ სურთ რეალობასთან შეგუება, რომელიც „არ ეწერება“ მათ გეგმებსა და ოცნებებში და პერიოდულად მიმართავენ სხვადასხვა აქციას რაიონებში, რაც სახელმწიფო საზღვართანაა. ჯომარდობის ფედერაციის მიერ დაანონსებული პროპაგანდისტული პროვოკაციის სცენარი გაგრძელებაა იმ დესტრუქციული მიტინგებისა, რაც ცოტა ხნის წინ იმართებოდა თბილისდან ჩამოსული „აქტივისტების“ მიერ. მათი მიზანია მორიგი ტყუილი განცხადებების გავრცელება სამხრეთ ოსეთისა და რუსი მესაზღვრეების მიმართ.“

ოსური მხარე ამბობს, რომ ეს პროპაგანდისტული აქციები გათვლილია ქართველ „ობივატელზე“ და ასევე, პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებაზე. ოსური მხარე ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ რაიმე სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რომლის დიდი რისკიც არსებობს შექმნილ სიტუაციაში, უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, დამნაშავე ქართული მხარე იქნება.

სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ რაკი ქართული მხარე არ დგამს საპასუხო ნაბიჯებს საზღვრის დემარკაციის მიმართულებით, ამიტომ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს უწევთ საზღვრის დელიმიტაციისთვის სამუშაოების ჩატარება. ოსური მხარე ხაზს უსვამს, რომ ისინი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს არ სცილდებიან.

ზონა, სადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები პატრულირებენ, თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალიდან, რომელიც საქართველოს მთავარ საგზაო არტერიას წარმოადგენს, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. აქედან 100 მეტრის მოშორებით უკვე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმანიშნებელი ბანერებია განთავსებული.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინიციატივის განხორციელებამდე ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქმის კურში ჩააყენეს მათი განზრახვის თაობაზე. განცხადებაში, რომელიც შსს–მ მხოლოდ წერილობით გაუგზავნა მედიას, ნათქვამია:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას. ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს–ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი. საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“

დავით ქაცარავა და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ საქართველო უკვე აღარაა საერთაშორისო თანამეგობრობის პრიორიტეტულ დღის წესრიგში, ამიტომ ამ აქციით მათ სურთ ყურადღება საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე მიიპყრონ. „რუსეთის საოკუპაციო ჯარი აგრძელებს მცოცავ ანექსიას, არ ჩერდებიან, იტაცებენ მშვიდობიან ადამიანებს, ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ და ყაჩაღურად, გამოსასყიდის საფასურად უშვებენ უკან. მათი შეჩერება, ამ ეტაპზე ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და იმ საერთაშორისო სტრუქტურებს, რომელიც იმყოფება კონფლიქტის ზონაში, რომ დამატებითი აჟიოტაჟი შევქმნათ და უფრო შევაწუხოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ მეტი რეაგირება იყოს. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში ორი პრიორიტეტული საკითხია განსახილველი: უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. ჩვენ, ჩვენი შეფასებით. პრიორიტეტული საკითხიდან გადავინაცვლეთ და გაყინული კონფლიქტის სტატუსი გვაქვს ახლა. ჩვენ გვინდა, საოკუპაციო ხაზი წავიდეს უკან და დაუბრუნდეს 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ სტატუს–ქვოს. შემდეგ კი დავიწყოთ მოლაპარაკება ახლიდან, სრულ დეოკუპაციამდე. რუსეთს ყველა ხელშეკრულება აქვს დარღვეული საქართველოსთან მიმართებით, რაც იწვევს ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას.“

უსაფრთხოების პრობლემატიკიდან გამომდინარე, პატრულირება სამოქალაქო აქტივისტების მიერ ღამით არ ხორციელდება. ამის ნებართვას შსს არ გასცემს. მოქალაქეები საკუთარი კეთილი ნების საფუძველზე ერთიანდებიან და მოხალისეობრივი პრინციპით პატრულირებენ ინციდენტების აღსაკვეთად. ამ ეტაპზე სამი ადამიანისგან შემდგარი ოთხი ჯგუფია მობილიზებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG