ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრები ლიბიაში


ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრები ლიბიაში
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრები ლიბიაში

შეერთებული შტატების პრესაში გაჟონა ინფორმაციამ ლიბიაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრების ყოფნის შესახებ.

თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ლიბიაში მათი საქმიანობის დეტალები და ამ ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ალბათ არც მომავალში გახდება ცნობილი.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას დღემდე ვერ გადაუწყვეტია ლიბიელი მეამბოხეების შეაიარაღება. პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ლიბიაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლების ყოფნა სულაც არ არის მოულოდნელი ამბავი.

როგორც კერძო სადაზვერვო კომპანია „სტრატფორის“ ანალიტიკოსი რევა ბჰალა აცხადებს:“ ნათელია, რომ მსგავსი სამხედრო ოპერაციის დროს აუცილებელია ადგილზე დამკვირვებლების ყოფნა, რომლებიც სამხედრო მფრინავებს ზუსტ სამიზნეებს მისცემენ. გარდა ამისა აუცილებელია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება ოპოზიციის შემადგენლობის და მისი ლიდერების შესახებ. არის თუა არა მათ შორის იმგვარი ლიდერი ვინც დაქსაქსული მეამბოხეების გაერთიანებას შეძლებს.“

პრესაში გაჟონილი ინფორმაციით ამერიკელი მზვერავების გარდა იქ ბრიტანელი უშიშროების სამსახურის აგენტებიც იმყოფებიან სპეცდანიშნულების ნაწილებთან ერთად, რომლებიც კორდინაციას უწევენ ლიბიელი მეამბოხეების მოქმედებას. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გასამხედროებული ქვედანაყოფიც გააჩნია, თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რა დავალებებს ასრულებენ ისინი ლიბიაში.

ლიბიელი მეამბოხეები ცუდად არიან მომზადებულნი და სამხედრო საჭურველის ნაკლებობას განიცდიან. მათ მიერ გახორციელებული შეტევა ადვილად მოიგერიეს კადაფის ერთგულმა ნაწილებმა. პეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ აპირებს ლიბიაში და ჯერაც არ გადაუწყვეტია მეამბოხეების შეიარაღება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ემილ ნახლე მიიჩნევს,რომ ამერიკელების დახმარება სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას გამორიცხავს:“ ალბათ მათ კავშირგაბმულობის ელემენტებით და საკომუნიკაციო საშუალებებით დაეხმარებიან, ასევე არ არის გამორიცხული მეამბოხეების გაწვრთნაში მონაწილეობაც, რადგან ისინი ძირითადად არაორგანიზებული ენთუზიასტებისგან შედგებიან.“

როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცერი აცხადებს ამერიკელი მზვერავები ლიბიელ მეამბოხეებს ნაალაფარი იარაღის გამოყენებაში დახმარებას აღმოუჩენენ:“ ჩვენ მათ ვასწავლით იმ იარაღის ხმარებას, რომელიც კადაფის წაართვეს. მეამბოხეებმა კადაფის რაკეტები ჩაიგდეს ხელში, მაგრამ არ იციან მათი გამოყენება. ამერიკელებს შეუძლიათ ამ საქმეში მათთვის დახმარების აღმოჩენა.“

თუმცა პოლიტიკური ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლიბიელი აჯანყებულები უფრო თანამედროვე შეაიარაღებას საჭიროებენ. ისეთს როგორსაც თავის დროზე ამერიკა საბჭოთა კავშირთან მებრძოლ ავღანელ მოჯახედებს აძლევდა.

ამერიკულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით პრეზიდენტმა ობამამ საიდუმლო განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც მეამბოხეთა შეარაღებასა და გაწვრთნას ითვალისწინებს. მაგრამ ამგვარი გეგმები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. 1961 წელს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწვრთნილმა შეარაღებულმა ნაწილებმა კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს დამხობა განიზრახეს, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ, რამაც პრეზიდენტ კენედის ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია.

1980-იან წლებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ შეაიარაღებული ავღანელი მოჯახედები საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ ალ-ყაიდას და თალიბანის რიგებს შეუერთდნენ.

ამერიკელი ანალიტიკოსის რევა ბელას განცხადებით კადაფის საწინააღმდეგო კოალიციაში მონაწილე ქვეყნები შიშობენ, რომ ლიბიელი მეამბოხეები შესაძლოა დამარცხდნენ, ან მათ რიგებში ისლამისტი რადიკალები გამოჩნდნენ.

ყოველშემთხვევაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობა ლიბიაში დღემდე გასაიდუმლოებულია, მაგრამ თუ ოპერაციის მასშტაბები გაიზარდა, მაშინ გარკვეულ საკითხებს ნამდვილად აეხდება ფარდა.

XS
SM
MD
LG