ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ჩინეთის ლიდერებს ხვდება


ვიზიტი ნაკლებად დაძაბული იქნება, თუმცა, მწვავე თემებზე საუბარს ვერც ამჯერად აუვლიან გვერდს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აზიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის დროს პეკინში ჩინეთის ლიდერებს შეხვდება.

პეკინში თავისი უკანასკნელი ვიზიტისას ქალბატონი კლინტონი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონომიკურ და უშიშროების საკითხებზე ესაუბრა. ასევე, განიხილეს ჩინელი დისიდენტის, ჩენ გუანჩუნგის საკითხიც.

პოლიტოლოგების აზრით, ეს ვიზიტი ნაკლებად დაძაბული იქნება, თუმცა, მწვავე თემებზე საუბარს ვერც ამჯერად აუვლიან გვერდს.

როგორც პეკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, პროფესორი ხი ტაო აცხადებს:

„ეს არ იქნება რუტინული შეხვედრა. ჩემი აზრით, საუბრის მთავარი თემა ჩინეთსა და იაპონიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები იქნება. გარდა ამისა, განიხილავენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებსა და ჩინეთს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებს.“

შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრმლობს „ასეანის“ ქვეყნებთან რეგიონში ჩინეთის გავლენის შესუსტების მიზნით. პეკინს ურჩევნია სადავო საკითხები თავის მეზობლებთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს გადაწყვიტოს, ამიტომ ვაშინგტონის გააქტიურება ამ ფრონტზე ჩინეთში გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამგვარი განცხადება გააკეთა:

„ჩვენ გვსურს, ჩინეთმა სამართლიანად და დაუფარავად იმოქმედოს. ჩვენი სურვილია, პეკინმა პოზიტიური როლი ითამაშოს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში.“

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, პეკინი არ იბრძვის რეგიონში გავლენის მოპოვებისთვის და მისი მიზანი ეკონომიკური აღმავლობის მიღწევაა.

მიუხედავად ამისა, ჩინელი პოლიტოლოგი ხი ტაო აცხადებს, რომ სენკაკუს კუნძულებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინელები დიაოუდაოს ეძახიან, პეკინი არ წავა კომპრომისებზე, რადგან იაპონიასთან ურთიერთობაში ჩინეთი იძულებული იქნება მკაცრი ნაციონალისტური პოზიცია დაიკავოს.

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სირიის კრიზისზე და ირანის ბირთვულ პროგრამაზეც გაამახვილებს ჩინეთის ხელისუფლების ყურადღებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG