ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკულ ორგანიზაციებს სანქციებს უწესებს


აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამის მიზეზი ამერიკის ორპარტიული კანონპროექტი გახდა, რომელიც ჰონგ-კონგის დემოკრატიული პროტესტის აქტივისტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „აქსიოსი“ ავრცელებს.

ჩინეთი სხვა გზებითაც ცდილობს შეერთებული შტატების მხრიდან ჰონგ-კონგელი დემონსტრანტების მხარდაჭერის საპასუხოდ ზომები მიიღოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეკინი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციებს მიიღებს, რომლებიც ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების განმავლობაში „ცუდად“ იქცეოდნენ. ამ ორგანიზაციებში მოხვდა „ჰიუმან რაითს ვოჩი“, დემოკრატიის ეროვნული ფონდი და „ფრიდომ ჰაუსი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა, რომ „ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს შეცდომა გამოსწოროს, შეაჩეროს ის ქმედებები და ქცევა, რაც ჰონგ-კონგის და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს“.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს ჰონგ-კონგში, ერთობლივი საოფისე გაფიცვა გაიმართა. ჰონგ-კონგელები ლანჩზე ერთად გავიდნენ გარეთ, დემონსტრაციების და იმ პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, რომლებმაც გასულ კვირას არჩევნებში გაიმარჯვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG