ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის დიპლომატიური ნაბიჯები


ჩინეთის დიპლომატიური ნაბიჯები
ჩინეთის დიპლომატიური ნაბიჯები

ჩინეთი ლიბიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას იჩენს. პეკინი ლიბიური კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრას უჭერს მხარს. ოფიციალური პირების ცნობით, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე კვირის მანძილზე პეკინს სტუმრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეკინი ლიბიის მეამბოხეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სტეფანი ჰო პეკინიდან.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც თებერვლიდან მოყოლებული ლიბიაში სამხედრო კონფლიქტი მძვინვარებს, ჩინეთი კონფლიქტში ჩართულ არცერთ მხარეს საჯაროდ მხარდაჭერას არ უცხადებდს. მართალია პეკინი დღემდე ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ჩინელი ოფიციალური პირები ლიბიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აშკარად გააქტიურდნენ.

დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ჰონგ ლეიმ განაცხადა, რომ ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულ-ატი ალ-ობეიდი ჩინეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჩინელი დიპლომატის თქმით, ლიბიელი ოფიციალური პირი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იანგ ჯიეჩის შეხვდება. შეხვედრის განრიგში ლიბიაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი და კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარების საშუალებების გამონახვა შევა.

ნიშანდობლივია, რომ ჰონგ ლეიმ ლიბიელი დიპლომატი პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მთავრობის საგანგებო წარგზავნილად მოიხსენია.

იმავე პრეს ბრიფინგზე ჰონგ ლეიმ აგრეთვე დაადასტურა, რომ ეგვიპტეში მდებარე ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ ლიბიელ მეამბოხეთა მთავარი საყრდენი ბაზა, ქალაქი ბენღაზი მოინახულეს, სადაც ისინი კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ჩინელი დიპლომატის თქმით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ბენღაზი მოინახულეს იქ შექმნილი ჰუმანიტარული ვითარებისა და იქ განლაგებული ჩინური საწარმოების მდგომარეობის გასაცნობად. ჰონგ ლეიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩინელმა დიპლომატებმა ლიბიელ მეამბოხეთა ეროვნულ გარდამავალ საბჭოსთან „კონტაქტი დაამყარეს.“

გასულ პარასკევს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კატარში ჩინეთის ელჩმა ლიბიელ მეამბოხეთა ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელთან პირველი შეხვედრა გამართა. ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილება ლიბიელ მეამბოხეებთან ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით კადაფის მთავრობისთვის მნიშვნელოვან დიპლომატიურ მარცხს წარმოადგენს.

ჰონგ ლეის არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა ჩინეთის მთავრობა შუამავლობას ლიბიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის. მან მხოლოდ დასძინა, რომ ჩინეთი საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაჭრის გზა გამოინახოს.

ნიშანდობლივია, რომ როცა გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ კადაფის მომხრე ძალების მხრიდან ძალადობის შესაჩერებლად ნატოს ეგიდით საჰაერო დარტყმების გადაწყვეტილება მიიღო, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტოს გამოყენებისგან თავი შეიკავეს. საჰაერო კამპანიის დაწყების შემდეგ კი ჩინეთის მთავრობამ ძალადობა დაგმო და მხარეებს რამდენიმეჯერ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG