ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ჟურნალისტებს ავიწროებენ


ჩინეთში ჟურნალისტებს ავიწროებენ
ჩინეთში ჟურნალისტებს ავიწროებენ

ჩინეთში თავისუფალ მედიაზე კიდევ რამდენიმე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. უცხოელი ჟურნალისტები შიშობენ, რომ ოფიციალური პეკინი კვლავ ნულოვან მდგომარეობას უბრუნდება და უკან იხევს 2008 წლის ოლიმპიადის პერიოდში მედიის თავისუფლების გამოცხადების შედარებით ლიბერალური აქტიდან.

მათი შეშფოთება მოჰყვა ამ კვირას ქვეყანაში აკრედიტებული თორმეტი უცხოელი ჟურნალისტის შევიწროების, შეურაცხყოფის და ზოგ შემთხვევაში დაპატიმრების ფაქტებს, რომლებიც ჩინური პოლიციის ფორმაში და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ოფიცრებმა განახორციელეს. შეგახსენებთ, ამ დღეებში ინტერნეტ საიტების მოწოდებების თანახმად, ჩინეთის ორ მთავარ ქალაქში მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო დაგეგმილი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იანგ იუმ, მომხდარ ინციდენტში თავად ჟურნალისტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჩინურ პოლიციას. მისი თქმით, სამართალდამცავები ამ კონკრეტულ შემთხვევებში კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

90 წუთიან ბრიფინგზე ქალბატონმა იუმ ურჩია ჟურნალისტებს კარგად გაცნობოდნენ და მიჰყოლოდნენ ჩინური პრესის კანონს. შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა კანონმდებლობა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ, მან განაცხადა, რომ კანონის მოდიფიცირებას ადგილი არ ჰქონია.

ჟურნალისტები კონკრეტულ პასუხს ითხოვდნენ თითოეულ ინციდენტზე, მათ შორის ხუთი ჩინელი ოფიცრის მიერ ამერიკელი ჟურნალისტის ცემის ფაქტზე პეკინის ცენტრალურ მოედანზე, რის შედეგადაც ის ჰოსპიტალიზირებულ იქნა. იანგ იუ ბრიფინგზე მოსულთ დაპირდა, რომ ჩინელი სამართალდამცავები თვითეულ შემთხვევას გულდასმით გამოიძიებენ. სამწუხაროდ ჟურნალისტებს ჩინელმა ოფიცრებმა ჩამოართვეს ან წაუშალეს ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჩინეთში, ჯონ ჰანცმანმა, აგრეთვე ევროკავშირის და იაპონიის წარმომადგენლობებმა ქვეყანაში, სპეციალური განცხადება გააკეთეს, რომელშიც დაგმეს უცხოელ ჟურნალისტებზე თავდასხმის აღნიშნული ფაქტები.

2008 წელს პეკინის ოლიმპიადისთვის გამოცემული სპეციალური პრესის კანონი უფლებას აძლევდა უცხოელ ჟურნალისტებს ინტერვიუ აეღოთ ჩინეთის მოქალაქეებისგან, თუკი მათი პირადი თანხმობა ექნებოდათ. კანონმა აგრეთვე გააიოლა ქვეყანაში გადაადგილება და შეზღუდვა დატოვა მხოლოდ ტიბეტის რეგიონზე. თუმცა, დღესდღეობით ჟურნალისტებს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ შანხაის და პეკინის პოპულარული თავშეყრის ადგილებიდან რეპორტაჟის გაკეთებისთვის. ბრიფინგზე ქალბატონი იუს პასუხები ამ კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით ჩინეთის ეკონომიკა უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე სტაბილური აყვავების გზაზეა. უკმაყოფილების ხარისხი ქვეყანის მოსახლეობაში ბევრად ჩამოუვარდება თუნდაც ტუნისს და ეგვიპტეს. ჩინეთის მთავრობა მილიონობით დოლარს ხარჯავს პიარ-კამპანიაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. და უნდა ითქვას - საკმაოდ წარმატებულადაც.

XS
SM
MD
LG