ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა


დედამიწაზე დღეში 19 ათასი ბავშვი იღუპება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკანასკნელი წლების მანძილზე მნიშვნელოვნად დაეცა. გაეროს სპეციალისტები ამ ფაქტს ეკონომიკური პროგრესის, ჯანდაცვის სფეროს განვითარების, განათლების და განვითარების წარმატებული პროგრამების დამსახურებად მიიჩნევენ.

იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოცი წლის წინ 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12 მილიონს აღწევდა, ახლა კი 7 მილიონზე ნაკლებია. განსაკუთრებულ წარმატებას ამ მხრივ მიაღწია ლაოსმა, ლიბერიამ, ბანგლადეშმა და რუანდამ. აღმოსავლეთ აზიაში და ლათინურ ამერიკაში მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. გაერო ცდილობს 2015 წლამდე საერთო მონაცემი დამატებით 43 პროცენტით შეამციროს.

პოზიტიური ცნობის მიუხედავად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სიკვდილიანობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. დედამიწაზე დღეში 19 ათასი ბავშვი იღუპება, მათ შორის უმრავლესობა ისეთი დაავადებებით, როგორიცაა პნევმონია, დიარეა, მალარია და სხვა.
XS
SM
MD
LG