ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა პოლიციელის ვინაობა და მისი ვიდეოკამერის ჩანაწერი გამოაქვეყნა


ჩიკაგოს პოლიციის მიერ, ცამეტი წლის ბიჭის იარაღით სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ხუთშაბათს გამოაქვეყნეს სხეულზე მიმაგრებული კამერით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენების მომენტამდე ერთ წამზე ნაკლები დროით ადრე, მან იარაღი დააგდო და ხელების აწევას იწყებდა.

პოლიციელ ერიკ სთილმენის კამერის ვიდეოდან აღებული ერთ კადრში ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც 29 მარტს, დილის 3 საათზე, ოფიცერმა სთილმენმა ადამ ტოლედოს მკერდში ერთხელ ესროლა, მას არაფერი ეჭირა და ხელები მაღლა ჰქონდა აწეული.

პოლიცია იმ უბანში მომხდარ სროლაზე შეტყობინების გამო მივიდა. მათ თქვეს, რომ სანამ ესროდნენ, მოზარდს ხელში იარაღი ჰქონდა. სროლის შემდეგ, პოლიციელ სთილმენის ვიდეოჩანაწერში ტოლედოს გვერდით მიწაზე იარაღი ჩანს.

სანამ პოლიციის პასუხისმგებლობის სამოქალაქო ოფისი ვიდეო მასალას თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებდა, ჩიკაგოს მერმა ლორი ლაითფუთმა საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა. მოსალოდნელი არეულებობის გამო კი ქალაქის ცენტრში განთავსებულმა ზოგიერთმა ბიზნესმა თავისი ვიტრინები ფიცრებით აჭედა.

პოლიციის მანქანიდან სთილმენის გადმოსვლიდან გასროლამდე 19ბ წამი გავიდა. ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რამდენიმე წამის განმავლობაში ის ფეხით როგორ მისდევს ტოლედოს და უყვირის: “პოლიცია! შეჩერდი! ახლავე (უცენზურო) შეჩერდი!”

მოზარდის ნაბიჯის შენელებასთან ერთად სთილმენი უყვირის: “ხელები! შენი ხელები (უცენზურო) მიჩვენე!”

შემდეგ ტოლედო კამერისკენ ბრუნდება, სთილმენი უყვირის “დააგდე!” და ამ ბრძანების გამეორებამდე ისვრის და ტოლედო ეცემა. დაჭრილ მოზარდთან მიახლოებისას, სთილმენი რადიოთი სასწრაფო დახმარებას იძახებს. ისმის ბიჭს როგორ ემუდარება “არ მიიძინო” და სხვა პოლიციელების მისვლისას ამბობს, რომ გულისცემას ვერ გრძნობს და ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას იწყებს.

ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტი ასეთ შემთხვევებში მონაწილე პოლიციელების სახელებს, როგორც წესი არ ასაჯაროებს, მაგრამ სთილმენის სახელი, ასაკი და რასა - ის 34 წლის თეთრკანიანია - ხუთშაბათს გამოქვეყნებულ გამოძიების მასალებში იყო მოხსენიებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG