ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს კალათბურთის ორი ეტლი გადასცა


დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები საზღვაო ქვეითების ბაზა "ფორტ პენდელტონში," 9 მარტი, 2019
დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები საზღვაო ქვეითების ბაზა "ფორტ პენდელტონში," 9 მარტი, 2019

„გამოწვევების მქონე სპორტსმენების ფონდმა,“ (CAF) რომელიც კალიფორნიის შტატშია დაფუძნებული, ქართველ დაჭრილ ჯარისკაცებს მჯდომარე კალათბურთის ორი ეტლი გადასცა. ეტლების გადაცემა საქართველოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით მოხდა.

ამერიკული ფონდის წარმომადგენელმა, ნიკო მარკოლონგომ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ეტლების გადაცემის იდეა პაატა პატიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა. პატიაშვილი ამერიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ თანადამფუძნებელია.

გადავწყვიტეთ ისინი თქვენი ვეტერანებისთვის გადაგვეცა, რათა მათ ადაპტირებულ სპორტში უფრო აქტიურად შეძლონ ჩართვა. მეც ვეტერანი ვარ. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჯარისკაცებს ჩვენგან ის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდეთ, რასაც ასე იმსახურებენ.
ნიკო მარკოლონგო

მარკოლონგომ თქვა, „ქართველი ჯარისკაცები საზღვაო ქვეითების შეჯიბრში მონაწილეობდნენ და პაატასგან გავიგეთ, რომ კალათბურთის სათამაშოდ საკმარისი ეტლები არ ჰქონდათ. ჩვენ ორი ზედმეტი ეტლი გვქონდა. გადავწყვიტეთ ისინი თქვენი ვეტერანებისთვის გადაგვეცა, რათა მათ ადაპტირებულ სპორტში უფრო აქტიურად შეძლონ ჩართვა. მეც ვეტერანი ვარ. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჯარისკაცებს ჩვენგან ის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდეთ, რასაც ასე იმსახურებენ.“

პატიაშვილი ამბობს, რომ ქართულ მხარეს „გამოწვევების მქონე სპორტსმენების ფონდის“ შესახებ ინფორმაცია სან-დიეგოში ჩასვლამდე ამერიკელი პარტნიორებისგან ჰქონდა. მისი თქმით, ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრისას, ყურადღება განსაკუთრებით კალათბურთზე გაამახვილეს.

კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, კერძოდ კი ამ ფონდის სახით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში იმის მნიშვნელობას, რომ მთელი საზოგადოება ჩაერთოს ჩვენი ბიჭების მხარდაჭერაში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი და თითოეული მოქალაქე.
პაატა პატიაშვილი

ქართველი დიპლომატი აცხადებს, რომ ამერიკა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს დაჭრილ მეომრებს საქართველოში. "განსაკუთრებით, სოციალური კუთხით, რომელიც უკავშირდება დაშავებული ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციას და მხარდაჭერას. ეს აისახება იმ რეფორმებში და პროექტებში, რომლებიც განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ და იმ წარმატებულ შედეგში, რომელიც დღეს გვაქვს. კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, კერძოდ კი ამ ფონდის სახით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში იმის მნიშვნელობას, რომ მთელი საზოგადოება ჩაერთოს ჩვენი ბიჭების მხარდაჭერაში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი და თითოეული მოქალაქე," თქვა პატიაშვილმა.

დაჭრილი ჯარისკაცების პარალიმპიური კალათბურთის გუნდს, დღემდე 4 სპორტული ეტლი ჰქონდა, რომელიც 9 წევრიან გუნდზე იყო გათვლილი. დამატებით ორი ეტლი გუნდს მომავალი შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ძალიან მიხარია, რომ ქართველებს ვეხმარებით. ისინი ჩვენი კარგი მოკავშირეები არიან. ჩვენ ძმები, თანამებრძოლები ვართ და თუ რამით შეგვიძლია მათ მადლობა გადავუხადოთ, ეს უნდა გავაკეთოთ.
ნიკო მარკოლონგო

მარკოლონგომ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ შორის, დაჭრილ ჯარისკაცებს, "საშუალება უნდა ჰქონდეთ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ. ჩვენ ვიცით, რომ სპორტს მათ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს." მან ასევე დასძინა, "ძალიან მიხარია, რომ ქართველებს ვეხმარებით. ისინი ჩვენი კარგი მოკავშირეები არიან. ჩვენ ძმები, თანამებრძოლები ვართ და თუ რამით შეგვიძლია მათ მადლობა გადავუხადოთ, ეს უნდა გავაკეთოთ."

"გამოწვევების მქონე სპორტსმენების ფონდი" 1994 წელს შეიქმნა და დღემდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებისთვის 90 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული. ფონდის პარტნიორი საქართველოდან "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდია," რომელიც კომპანია "სილქნეტმა" 2018 წელს დააარსა.

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" აცხადებს, რომ მისი მიზანი საქართველოს ჯარში მომსახურე ყველა დაჭრილი მეომრის და მათი შვილებისთვის დახმარების გაწევაა. საკუთარ ვებგვერდზე ფონდი ასევე ამბობს, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ქართველი ვეტერანებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG