ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19: პრაღის, თბილისის, რიგის გამოცდილება და გამოწვევები


თბილისის აეროპორტი 2 მარტს, პანდემიის ადრეულ ეტაპზე

დღეს, ვაშინგტონში მდებარე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა ვირტუალურ ღონისძიებას სახელწოდებით: საერთო კრიზისი - პანდემია პრაღის, რიგის და თბილისის გადასახედიდან. შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპაში კოვიდ-19-თან წარმატებით გამკლავების სამი ქვეყნის მაგალითი განიხილეს და მიმდინარე გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთიდან წარმოებული მასშტაბური დეზინფორმაციის პრობლემებზე იმსჯელეს. ეს სახელმწიფოებია: საქართველო, ჩეხეთი და ლატვია.

ედვარდ ლუკასი
ედვარდ ლუკასი

ვირტუალური დისკუსია ლონდონიდან მიჰყავდა ცენტრის უფროს მეცნიერს ედვარდ ლუკასს. განხილვაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ექიმი ამირან გამყრელიძე. ლატვიიდან მიწვეული იყო ექიმი უგა დუმფისი, ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის და ინფექციების კონტროლის დირექტორი ლატვიის უნივერსიტეტში, ჩეხეთიდან კი - კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ოლგა ლიუბლოვა, რომელიც შეხვედრას პრაღიდან ჩაერთო.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

სამივე ქვეყანამ პანდემიის მართვის ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული გზა აირჩია. თუმცა, სამივეს აერთიანებს კარანტინის ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება და ინფექციის წყაროების და მათი კონტაქტების მჭიდრო მონიტორინგი. შედეგად, ამ სახელმწიფოთა ჯანდაცვის სისტემებმა მიაღწიეს იმას, რომ კარანტინის ზომების შემსუბუქების წინ, ინფიცირების და სიკვდილობის მაჩვენებლები, სხვებთან შედარებით, გაცილებით დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნეს.

ჯერჯერობით, ისევ გამოწვევად რჩება დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც რუსეთიდან მოედინება და რომელიც მოსახლეობაში ხელისუფლების და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნდობას ასუსტებს. შეხვედრაზე ისაუბრეს ლუგარის კვლევით ცენტრზეც, რომელიც რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.

სამომავლო გამოწვევებს შორის სამივე ქვეყნის წარმომადგენელი ასახელებს გარკვეულ შიშს, რომ მოსახლეობა, რომელიც კარანტინით დაიღალა, შეიძლება ისეთი მონდომებით აღარ დაემორჩილოს გარდამავალი პერიოდისთვის დაწესებულ შეზღუდვებს. ღონისძიების დასასრულს, პანელის წევრებმა დამსწრეების შეკითხვებს უპასუხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG