კანადელი ამომრჩეველი დღეს გადაწვეტს, მისცეს თუ არა პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს მეორე ვადით ქვეყნის მართვის უფლებას.
კანადის არჩევნებში, თანამდებობაზე მყოფ პრემიერ-მინისტრს, არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. თუმცა უკანასკნელ პერიოდში კანადაში რამდენიმე სკანდალმა და ბრალდებამ, პრემიერ-მინისტრის შანსები შეამცირა. პროგრესული პრემიერ-მინისტრი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როცა აღმოჩნდა, რომ ის წარსულში რამდენჯერმე შავად შეფერილი სახით იმყოფებოდა სხვადასხვა წვეულებაზე.
ტრუდოს მთავარი ოპონენტი კონსერვატორი ენდრიუ შერია. არჩევნებში მონაწილოებას 6 პარტია იღებს. თუმცა გამოკითხვების მიხედვით, მთავარი კანდიდატები ტრუდო და შერი არიან. ტრუდო ოპონენტს უკანასკნელი გამოკიხვებით, მხოლოდ ორი პროცენტით უსწრებს. სავარაუდოდ, ორივე კანდიდატს უმრავლესობის მოსაპოვებლად, კოალიციის შექმნა დასჭირდებათ მომცრო პარტიებთან.
არჩევნების შედეგები ორშაბათს საღამოს გახდება ცნობილი. თუ ტრუდო ვერ მოახერხებს უმრავლესობის მოპოვებას, ის იქამდე დარჩება, სანამ მას პარლამენტი არ გადაირჩევს ან თავად არ გადადგება. თუმცა პრემიერს ექნება შესაძლებლობა შეეცადოს კოალიციის შექმნას. მან შეიძლება პატარა პარტიებთან აწარმოოს მოლაპარაკება ფორმალური კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და კაბინეტის გადასანაწილებად, თუმცა ეს კანადისთვის უჩვეულო პრაქტიკაა. უფრო ხშირი შემთხვევაა, როცა მთავრობა ამა თუ იმ კანონპროექტზე მუშაობს ცალკეულ პარტიებთან.
თუ ვერცერთი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მთავარი ტესტი პრემიერ-მინისტრისთვის პარლამენტის ნდობის მოპოვება იქნება. მთავრობა პარლამენტს საკუთარ გეგმას წარუდგენს. თუ პარლამენტი ამ გეგმას უარყოფს, მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება სხვა პარტიას მიეცემა, ან ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
Facebook Forum