ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუქი, კემბრიჯ ანალიტიკა და მონაცემთა მანიპულაცია


სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ კიდევ ერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მომხმარებლების მონაცემები მათზე ინფორმაციის შესაგროვებლად და პოლიტიკური პროცესების მანიპულაციისთვის იქნა გამოყენებული. კონგრესის ლიდერები ამერიკაში და კანონმდებლები ევროპაში „ფეისბუქზე“ ზეწოლას ახორციელებენ, რათა კომპანიამ განმარტოს თუ როგორ მოხდა მისი მომხმარებლების მონაცემებით მანიპულაცია.

შეკითხვები შეეხება ბრიტანულ მონაცემთა საკონსულტაციო ფირმის, „კემბრიჯ ანალიტიკის“ მიერ „ფეისბუქის“ 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემების გამოყენებას პოლიტიკური და საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის. ამერიკელი და ბრიტანელი წარმომადგენლები, „ფეისბუქის“ აღმასრულებელი დირექტორისგან, მარკ ცუკერბერგისგან მოსმენაზე წარდგენას მოითხოვენ.

რთულ კითხვებს შორისაა ის თუ რატომ არ მოახდინა კომპანიამ იმ მომხმარებლების ინფორმირება, ვინც მონაცემთა მოპარვის მსხვერპლი გახდა.

ორშაბათს კომპანიის საბაზრო აქციები 7 პროცენტით დაეცა, რამაც კომპანიის ღირებულება 36 მილიარდით შეამცირა.

პოლიტიკური გავლენა და ფეისბუქი

საკონსულტაციო კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკის“ მიერ „ფეისბუქის“ მონაცემების გამოყენებასთან ერთად შეკითხვები არსებობს 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალური პლატფორმის როლის გარშემო.

„ფეისბუქს“ ყოველთვიურად ორი მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც კომპანიას მილიარდობით დოლარის შემოსავალს აძლევს. მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, „ფეისბუქში“, არა მხოლოდ ახალი ამბების და მოსაზრებების არამედ ასევე პროპაგანდის და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხდება. ამერიკაში, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი ამ სოციალურ პლატფორმას დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდა.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიამ მსგავსად Youtube-სა და Twitter-ისა შეცვალა მუშაობის პრაქტიკა იმისთვის, რომ შეამციროს ავტომატური ანგარიშების (ბოტების) გამოყენება და პროპაგანდის გავრცელება. „ფეისბუქის“ განცხადებით, კომპანიამ პლატფორმის უსაფრთხოებაზე სამუშაოდ 10,000 ადამიანი დაიქირავა .

პირადი მონაცემები და "კემბრიჯ ანალიტიკა"

„ფეისბუქის“ უკანასკნელი სკანდალი 2013 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ კემბრიჯის პროფესორმა, ალექსანდრ კოგანმა აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს პროფილურ გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობდა და ჩამოტვირთვას საჭიროებდა. გადმოწერის შემდეგ აპლიკაცია მომხმარებლებზე და მათ მეგობრებზე ინფორმაციას აგროვებდა. პროფესორმა კოგანმა შეგროვებული მონაცემები შემდეგ საკონსულაციო ფირმას „კემბრიჯ ანალიტიკას“ გაუზიარა. New York Time-ის და The Observer-ის ცნობით "კემრიჯ ანალიტიკა" მისი ქოლგა კომპანიის გავლით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან თანამშრომლობა. კოგანი საბჭოთა კავშირში დაბადებული მკვლევარია, რომელიც სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა, ისეთივე მონაცემთა შეგროვების პროექტზე, როგორიცაა „კემბრიჯ ანალიტიკის“ პროექტი.

„ფეისბუქის“ განცხადებით პროფესორმა დაარღვია კომპანიის რეგულაციები, როდესაც მონაცემები აღნიშნულ საკონსულტაციო ფირმას გაუზიარა. „ფეისბუქმა“ დარღვევა 2015 წელს აღმოაჩინა და "კემბრიჯ ანალიტიკას" მოთხოვა წაეშალა მონაცემები, თუმცა მომხდარი შესახებ საკუთარ მომხმარებლებს არ აცნობა.

„კემბრიჯ ანალიტიკამ“ უარყო, რომ ის ინახავდა მონაცემებს. კომპანიამ დღეს აღმასრულებელი დირექტორი გადააყენა. თანამდებობას ტოვებს ასევე, „ფეისბუქის“ ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც პლატფორმის უსაფრთხოება ევალებოდა. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა „ფეისბუქმა“ „კემბრიჯ ანალიტიკას“ და პროფესორ კოგანის ანგარიშები გააუქმა. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, მისი პოლიტიკა მესამე და გარე მხარეების მიერ ინფორმაციის შეგროვების თაობაზე 2015 წლის შემდეგ შეიცვალა და ახლა ყველა აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლის დეტალურ ინფორმაციას ითხოვს კომპანიის სპეციალური შემოწმების გავლა მოუწევს.

"ფეისბუქმა" ასევე დაიქირავა კომპანია, რომელიც შეისწავლის ნამდვილად წაშალა თუ არა „კემბრიჯ ანალიტიკამ“ მონაცემები. „თუ მონაცემები ჯერ ისევ არსებობს, ეს „ფეისბუქის“ რეგულაციების მძიმე დარღვევა იქნება“,- განაცხადა „ფეისბუქმა“.

სოციალური ქსელის მომავალი

უკანასკნელი რამდენიმე თვეა აქტივისტები, რეგულატორები და კანონდებლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სოციალური მედია პლატფორმის საქმიანობის წარმართვა. ამ დროისთვის კანონმდებლები კომპანიისგან პასუხებს მოითხოვენ.

„მათ აქვთ პასუხისმგებლობა არსებული მონაცემები სწორად იყოს გამოყენებული, ჩვენ გვინდა გავიგოთ როგორ იქნა [ინფორმაცია] გამოყენებული“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯონ ტიუნმა სამხრეთ დაკოტიდან. ხოლო სენატორი რონ დაიდენი, ორეგონიდან ამბობს, რომ მას აინტერესებს „თუ რა როლი ითამაშა „ფეისბუქმა“ მომხმარებლის შესახებ კემბრიჯ ანალიტიკას მიერ ინფორმაციის ფარულად შეგროვების და ბოროტად გამოყენების დაშვებასა და ხელშეწყობაში“.

პარალელური სკანდალი ბრიტანეთში

„კემბრიჯ ანალიტიკა“ პარალელურად ბრიტანეთში კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის „მეოთხე არხმა“ საკუთარი ჟურნალისტის, ფარული აგენტის, მეშვეობით გამოაშკარავა სავარაუდო დარღვევები კომპანიის მიერ. ჟურნალისტმა კომპანიის ხელმძღვანელთან საიდუმლო შეხვედრის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის თავს შრი-ლანკელ მდიდარი ოჯახის წარმომადგენელად ასაღებს, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური მიზნები აქვს.

„კემბრიჯ ანალიტიკის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე ნიქსი მას პირდება, რომ შეუძლია დაეხმაროს ისე, რომ არ დარჩეს არანაირი კვალი. ჩანაწერში ის ამბობს, რომ კომპანია დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ნიქსი ჟურნალისთან საუბრობს იმ მეთოდებზე და იდეებზე, რომლითაც კომპანიას შეუძლია პოლიტიკოსის ხაფანგში გამოჭერა, როგორიცაა ქრთამის შეთავაზება ან ესკორტის გოგონების გამოყენება. ფარულ აგენტთან საუბრისას ნიქსი ამბობს, რომ პოლიტიკოსებზე ინფორმაციის „არ არის აუცილებელი იყოს სიმართლე. საჭიროა, რომ უბრალოდ იყოს დამაჯერებელი“.

მონაცემთა ანალიზის საკონსულტაციო კამპანია 2015 წელს ტედ კრუზის კამპანიაზე, ხოლო კრუზის წარუმატებლობის შემდეგ, 2016 წლიდან დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაზე მუშაობდა. საკონსულტაციო ფირმა ასევე ჩართული იყო ბრიტანეთში ბრექსითის რეფერენდუმზე, ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეთა მხარეს. კომპანია ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეზე, ამერიკასა და ბრიტანეთში, გამოძიების ქვეშაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG