საპრეზიდენტო არჩევნებზე ბულგარეთში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, პრორუსმა რუმენ რადევმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბულგარეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განცხადება გადადგომის შესახებ გააკეთა, რადგან მის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას უმრავლესობა აღარ გააჩნია.
გენერალმა რუმენ რადევმა თითქმის 60-პროცენტიანი უპირატესობა მოიპოვა. ის ყოფილი სამხედრო ავიაციის მეთაურია და პოლიტიკურ თანამდებობაზე არასოდეს უმსახურია. საპრეზიდენტო არჩევნებზე მან პარლამენტის თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევა დაამარცხა, რომელმაც ხმების სულ 36% მოგროვება შეძლო.
ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრ ბორისოვის გადადგომის გამო ბულგარეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში მორიგი კრიზისი გამოიწვიოს. ორი წლის წინ ბულგარეთმა მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება გადაიტანა.