ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოსთვის განკუთვნილი იარაღის საწყობების აფეთქებაში ბულგარეთი რუსეთს ადანაშაულებს


რუსეთის საელჩოს შენობა სოფიაში, ბულგარეთი
რუსეთის საელჩოს შენობა სოფიაში, ბულგარეთი

ბულგარელი პროკურორები აცხადებენ, რომ ისინი იძიებენ რუსეთის 6 მოქალაქის საქმეს და მათ კავშირს წარსულში მომხდარ 4 აფეთქებასთან. აფეთქებები ბულგარეთის იარაღის საწყობებში 2011-2020 წლებში მოხდა. იქ ინახებოდა იარაღი და ამუნიცია, რომელიც საქართველოში და უკრაინაში ექსპორტირებისთვის იყო განსაზღვრული.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, იკვეთება კავშირი ბულგარელი იარაღით მოვაჭრე ემილიან გებრევის მოწამვლის მცდელობასთან 2015 წელს და ჩეხეთში 2014 წელს მომხდარ ანალოგიურ აფეთქებებთან, რომლის გამოც, ახლახან რუსეთს და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ბზარი თანდათან გაღრმავდა.

განცხადება პროკურატურის პრესსპიკერმა სიკა მილევამ ოთხშაბათს გააკეთა: „გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის ექვსივე მოქალაქე აფეთქებების დღეებში ბულგარეთში იმყოფებოდა, ისინი ბულგარეთში იყვნენ ემილიან გებრევის მკვლელობის მცდელობის პერიოდშიც. ამ ეტაპზე შეგროვილი მტკიცებულებების მიხედვით, სარწმუნოობის მაღალი ხარისხით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთის მოქალაქეთა ქმედების მიზანი იყო საქართველოსთვის და უკრაინისთვის [იარაღის] მარაგის მიწოდების შეფერხება“.

მოსკოვი ჩვეულებისამებრ ბრალდებებს უარყოფს. ჩეხეთის და ბულგარეთის მთავრობების განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ „აბსურდული“ უწოდა. „ან ბულგარელებმა აქამდე არაფერი იცოდნენ და როგორც კი ჩეხეთმა გამოაცხადა 2014 წლის ინციდენტზე, გადაწყვიტეს დაჩრდილონ მათი საქმე... ან მთელი ამ ხნის მანძილზე იცოდნენ და რატომღაც ამ ამბის საჯაროდ გამოტანა არ ისურვეს “ - უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.

ბულგარეთს დანაშაულში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეთა ვინაობა ჯერჯერობით არ გაუმხელია. თუმცა, მილევამ თქვა, რომ გებრევის მკვლელობის მცდელობის გამო, რუსეთის სამ მოქალაქეს ბრალდება უკვე წაუყენეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG