პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ კანონპროექტს, რომელიც მისი ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, წელს სავარაუდოდ ვერ დამტკიცდება და მომავალი წლისთვის გადაიდება. კანონპროექტი ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებში 2 ტრილიონი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს.
კანონპროექტს სენატში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს, რადგან ხმები პარტიული ხაზის მიხედვითაა გაყოფილი. დემოკრატებს ერთი ხმა აკლიათ, რომლის მიღებაც მათ დასავლეთ ვირჯინიის დამოუკიდებელი (უპარტიო) სენატორი ჯო მენშინისგან სურთ.
ბაიდენს და დემოკრატებს კანონპროექტის დამტკიცება შობამდე სურდათ, რაც არსებული ინფორმაციით, ვეღარ მოხერხდება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხუთშაბათს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ სენატორი ჯო მენშინი პრინციპულად ეთანხმება კანონპროექტით გათვალისწინებულ დანახარჯებს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს ესაუბრა და სენატორ მენშინთან წარმოებული მოლაპარაკების ბოლო დეტალები გააცნო.
პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტის თაობაზე მოლაპარაკება მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში გაგრძელდება.
Facebook Forum