ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი მალე საქმიანობას შეუდგება


კონგრესი მალე საქმიანობას შეუდგება
კონგრესი მალე საქმიანობას შეუდგება

ამერიკის ახალი კონგრესი მალე საქმიანობას შეუდგება. მოგეხსენებათ ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც სავარაუდოდ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საბიუჯეტო ორთაბრძოლის დასაწყისზე მიუთითებს, აღნიშნავს ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბაუმენი.

რესპუბლიკელები ახალი ძალებით შეუდგებიან საკანონმდებლო საქმიანობას და აცხადებენ, რომ მათ კონგრესისთვის მარტივი დავალება აქვთ:

„შეწყვიტეთ იმ ფულის ხარჯვა, რომელიც არ გაქვთ,“ აცხადებს მიშელ ბეკმანი, რესპუბლიკელი კონგრესმენი მინესოტას შტატიდან. კონგრესმენმა ტელეკომპანია „სი-ბი-ესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული ამერიკის ტრილიონ დოლარიანი დეფიციტისა და უპრეცედენტო ეროვნული ვალის შესამცირებლად. 2011 წლის პირველი საბიუჯეტო განხილვები სავარაუდოდ სწორედ ეროვნული ვალის ზედა ზღვრის გაზრდასთან იქნება დაკავშირებული. ეს ზღვარი ფედერალურ მთავრობას სესხის აღების საშუალებას აძლევს.

ახლად არჩეული კონგრესმენი პენსილვანიის შტატეიდან მაიკლ კელი აცხადებს, რომ კონგრესი უფრო ხელმომჭირნე უნდა გახდეს საბიუჯეტო დანახარჯებთან დაკავშირებით.

„ვალის ზედა ზღვრის გაზრდა სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება. ჩვენ უკვე დიდი ხანია იმ ფულს ვხარჯავთ, რომელიც სინამდვილეში არ გაგვაჩნია. უკვე რამდენი ხანია ვამბობთ, რომ არა უშავს ვალს რომ ვიღებთ, მოგვიანებით გადასახადებს გავზრდით და დამატებით შემოსავალსაც სადმე მოვნახავთ.“

მეორეს მხრივ კი ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გარეშე ამერიკის მთავრობას შეიძლება ფული არ ეყოს საერთაშორისო ფინანსური ვალედებულებების შესასრულებლად. ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამან შეიძლება მსოფლიოში მორიგი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამას ეკონომიკური მრჩეველი ოსტენ გულსბი ამბობს, რომ ფედერალური დეფიციტი ნამდვილად უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ისედაც სუსტი ეკონომიკის კიდევ უფრო დასუსტების ხარჯზე.

„თუ ფიქრობთ, რომ თანხების დაზოგვა მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემცირების ხარჯზე მოხერხდება, შეცდომას უშვებთ. საბიუჯეტო საკითხების განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ გრძელვადიანი შედეგები და ფისკალური პრობლემები.“ დემოკრატებს კვლავ უმრავლესობა აქვთ სენატში, თუმცა შარშანდელთან შედარებით რამდენიმე ხმით ნაკლები. ახლად არჩეულ რესპუბლიკელებს კი ეს ხელს შეუშლის ისეთი წინასაარჩევნო დაპირებები შეუსრულონ ამომრჩეველს, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმის გაუქმება.

რესპუბლიკელებს შეუძლიათ შეამცირონ ის თანხები, რომლებსაც დემოკრატები ითხოვენ ფედერალური დანახარჯებისთვის. საბიუჯეტო დაპირისპირებამ კი შეიძლება ისევ იმ შედეგამდე მიგვიყვანოს, რომელიც 1995 წელს მოხდა. მაშინ დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტობი ობამას მსგავსად პირველი საპრეზიდენტო ვადის მოეორე ნახევარს იწყებდა, როცა რესპუბლიკელებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს და ფედერალური მთავრობას ბიუჯეტი არ დაუმტკიცეს, რამაც მთავრობის საქმიანობის რამდენიმე ხნით შეჩერება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG