ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა სამშაბათამდე იმის ასახსნელად, თუ რატომ იქნა გამოყენებული რუსეთის მიერ გამოგონებული სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტი ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის მოსაწამვლად ინგლისის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქში.

მიუხედავად მოთხოვნისა, ბრიტანეთის მთავრობაში არავინ ელის რუსეთისგან ადეკვატურ პასუხს.

ვადის მოახლოებასთან ერთად ბრიტანელი ოფიციალური პირები ცდილობენ დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერის მოპოვებას, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს მეხუთე მუხლის გამოყენებისთვის, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს. ალიანსის 59 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს მუხლი მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული, როცა შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

პარლამენტის წინაშე წარდგომისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ფრთხილი განცხადების გაკეთება არჩია. მისი თქმით, „დიდია შესაძლებლობა“, რომ ორმაგ აგენტ სერგეი სკრიპალსა და მისი ქალიშვილზე თავდასხმა კრემლიდან იყო ავტორიზებული.

„თუ არ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, დავასკვნით, რომ ეს რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის არაკანონიერი გამოყენება იყო“, განაცხადა მეიმ.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, თუ ერთმა სახელმწიფომ მეორის წინააღმდეგ ძალა არაკანონიერად გამოიყენა, აგრესიის მიმღებ ქვეყანას შესაბამისი პასუხის გაცემის უფლება აქვს. ტერეზა მეის მიერ ფრთხილად შერჩეული ფრაზა გულისხმობს, რომ დიდი ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლას განიხილავს არა როგორც ცალკეულ დანაშაულებრივ ქმედებას, არამედ როგორც გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას.

ეს ბრიტანეთს, 2001 წელს ამერიკის მსგავსად, აძლევს საფუძველს მოითხოვოს ნატოს მეხუთე მუხლის გამოყენება, რომელიც ამბობს, რომ „შეირაღებული თავდასხმა ერთსა თუ რამდენიმე [წევრზე] ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა იქნას განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე“.

მეის მიერ გაკეთებული ეს განცხადება 2006 წელს ყოფილი რუსი ჯაშუშის და დისიდენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილზე ლონდონის პასუხისგან განსხვავდება. ლიტვინენკო მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია. მაშინ, ლიტვინენკოს მკვლელობას ბრიტანეთში არ მოჰყოლია რუსეთის მიერ ძალის არაკანონიერად გამოყენებაზე საუბარი.

მეის საერთაშორისო პარტნიორებისგან სიტყვიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ნატოს მეხუთე მუხლის გამოყენების თაობაზე ზოგადი საუბარი ჯერ არ ყოფილა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამერიკა ენდობა ბრიტანეთის გამოძიებას და რომ „მათ ვინც დანაშაული ჩაიდინა და მათ ვინც დაკვეთა გასცა, შესაბამად, სერიოზულად უნდა აგონ პასუხი“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ნერვული აგენტის გამოყენება საზარელი და სრულიად მიუღებელია“. მისი თქმით, „დიდი ბრიტანეთი ნატოს ძალზედ მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ნატოსთვის მომხდარი ძალიან შემაშფოთებელია“.

ტერეზა მეისთან ტელეფონზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი ლონდონს გვერდში უდგას.

ბრიტანელი ოფიციალური პირები ღელავენ იმაზე, თუ რა პრაქტიკულ მხარდაჭერას მიიღებენ ისინი და რამდენად შეძლებენ მათი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ საერთო დასავლური პასუხის შემუშავებას. ლონდონმა მოიწონა თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის მიერ მომხდარის დაგმობა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ, დაესახელებინა რუსეთი როგორც დამნაშავე, გაურკვევლობაში დატოვა ბრიტანელი ოფიციალური პირები.

„რა ქმედებებიც არ უნდა მიიღოს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ. რეალური მნიშვნელობა იმას ექნება თუ რამდენად გაანალიზებენ ვაშინგტონი, ბრიუსელი და ბერლინი იმას, რომ საჭიროა საერთო დასავლური სტრატეგია, რომელიც აჩვენებს ძალასა და მზაობას მიუღებელი ქცევის შემთხვევაში“, ამბობს ბრიტანეთის ყოფილი საგარეო მდივანი უილიამ ჰეიგი საკუთარ სტატიაში ბრიტანულ გამოცემა “Daily Telegraph”-ში.

ნატოს პოლიტიკის დაგეგმარების ცენტრის ყოფილი დირექტორი ფაბრის პოტიერი ამბობს, რომ ევროპულ მოკავშირეები არც მზად არიან და არც სურვილი აქვთ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესონ. ეს განსაკუთრებით ახლაა საყურადღებო, როცა ბრიტანეთი ევროკავშირის წევრებთან ეკონომიკური ჯგუფიდან გასვლის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გასულ კვირას, ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ განაახლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG