ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

მეის განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს და დასრულდეს.

ე.წ. „ბრექსიტის“ პროცესი ოფიციალურად მხოლოდ სამი კვირის წინ დაიწყო. მეი ამბობს, პარლამენტში მოსახლეობის მსგავსად, აზრთა სხვადასხვაობა არ მცირდება, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობამ კი შესაძლოა მთლიანად პროცესი შეაფერხოს და დააზარალოს.

„ეს გამოიწვევს სახიფათო გაურკვევლობასა და არასტაბილურობას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გვჭირდება არჩევნები და გვჭირდება სწორედ ახლა.“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა. არჩევნების თარიღად 8 ივნისი დასახელდა.

პრემიერის წინადადება თემთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. თუმცა მთავარი ოპოზიციური - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი მეის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს არჩევნები ბრიტანელ ხალხს სასუალებას მისცემს, აირჩიოს ის მთავრობა, რომელიც ქვეყნის უმრავლესობის ინტერესებს პირველ ადგილას დააყენებს.

თემთა პალატის წევრებს პირდაპირი წესით, 5 წლით ირჩევენ. ბოლო მსგავსი არჩევნები 2015 წელს ჩატარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG